18 ივნისი 2026,   08:59
ვრცლად
პოლიტიკური კრიზისი ლატვიაში - ვინ ჩაიბარებს ქვეყნის მართვას

"ახალი ერთიანობის", "პროგრესულების", "მწვანეთა და ფერმერთა კავშირის" მთავრობამ ვერც უსაფრთხოების გამოწვევას და ვერც კორუფციულ სკანდალს უპასუხა. შედეგად, პრემიერი გადადგა, მინისტრთა კაბინეტი დაიშალა, დაირღვა სამთავრობო კოალიცია. შექმნილ ვითარებას ქვეყნის პირველმა პირმა გადადგომით უპასუხა და პოლიტიკური პასუხისმგებლობა სრულად პარტნიორებს გადააბარა.

პოლიტიკური კრიზისის მთავარი მიზეზი ლატვიის საჰაერო სივრცეში უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების გამოჩენა გახდა. ერთი კვირის წინ ერთ-ერთი დრონი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. პრემიერმა მომხდარზე პასუხისმგებლობა კოალიციურ პარტნიორს, თავდაცვის მინისტრს, პარტია "პროგრესულების" წარმომადგენელს დააკისრა და ის თანამდებობიდან გადააყენა.

თავდაცვის მინისტრის პოსტზე "პროგრესულების" კანდიდატის ჩანაცვლება "ახალი ერთიანობის" პრემიერმა საკუთარი პრეტენდენტით, პოლკოვნიკ რაივის მელნისით სცადა, თუმცა მის ინიციატივას არც "პროგრესულები" და არც კოალიციის კიდევ ერთი წევრი, "მწვანეებისა და ფერმერების კავშირი" არ დაეთანხმა.

კოალიციის კოლაფსის კიდევ ერთი მიზეზი მთავრობაში მიმდინარე კორუფციული სკანდალია. ცნობილია, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრს და სახელმწიფო კანცელარიის ხელმძღვანელს, გამოძიება, ხე-ტყის სფეროდან კორუფციული სარგებლის მიღებასა და ბიუჯეტისთვის დიდი ოდენობით ზარალის მიყენებას ედავება. დღესვე ლატვიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ სამთავრობო კრიზისის ფონზე, ძალოვანებმა ორივე მაღალჩინოსანი დააკავეს.

ცნობილია, რომ ლატვიის საკანონმდებლო ორგანოში არჩევნები ხუთ თვეში ჩატარდება. ამ დრომდე უცნობია, ვინ ჩაიბარებს ქვეყნის მართვას და ვინ დააკომპლექტებს ახალ მინისტრთა კაბინეტს გარდამავალ პერიოდში. მედიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ორი სცენარი განიხილება: მოქმედი კოალიციის შენარჩუნება ახალი პრემიერ-მინისტრის პირობებში, ან სრულიად ახალი ალიანსის ფორმირება სხვა პოლიტიკური ძალების მონაწილეობით.

დღის ამბები