აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შვილმა და The Trump Organization-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, ერიკ ტრამპმა სოციალურ ქსელში "ტრამპ თაუერ თბილისის" ესკიზის ფოტო რამდენიმე დღის წინ გაავრცელა. მასშტაბური პროექტის შესახებ, "ღამის კურიერის" ეთერში, სამშენებლო კომპანია "არქის" გენერალურმა დირექტორმა, შიო ხეცურიანმა ისაუბრა.
"ერიკ ტრამპმა დადო უკვე პირველი რენდერები და ჩვენც გავაზიარეთ ეს. თუმცა ეს მხოლოდ მონახაზია და ბევრად უფრო შთამბეჭდავი იქნება საბოლოოდ დეტალური პროექტი როდესაც იქნება. თუმცა ეს პირველი მონახაზი, რაც დაიდო ერიკ ტრამპის მიერ, უკვე შთამბეჭდავია, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ბევრად უფრო საინტერესო იქნება, როგორც კი დეტალური ნახაზი გვექნება. არქიტექტორული კომპანია მუშაობს, ველოდებით, რომ სექტემბრის თვეში დაასრულებენ და ყველა ნახავს, რამდენად შთამბეჭდავი პროექტი იქნება.
70 სართულია, გამოწვევები არსებობს, თუმცა ყველა ის საინჟინრო კვლევა, რაც სჭირდება ამ პროექტს, რა თქმა უნდა, გაკეთებულია და კეთდება. ყველაფერი იქნება გათვალისწინებული, დაწყებული გეოლოგიიდან, დასრულებული სხვა კვლევებით. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ გარდა იმისა, რომ ვიზუალურად იყოს გამორჩეული, ასევე, სტრუქტურულად და კონსტრუქციულად იყოს გამორჩეული," - აღნიშნა შიო ხეცურიანმა.