დაუნინგ სტრიტზე შეკრებილი ჟურნალისტების მთავარი კითხვა, რომელიც პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში შესულ თითოეულ მაღალჩინოსანს ესმის, ასე ჟღერს: როდის გადადგებით? და როდის დატოვებს პოსტს მთავრობის მეთაური?
უკვე ცნობილია, რომ სტარმერის კაბინეტი ოთხმა მინისტრმა დატოვა - შინაგან საქმეთა, ჯანდაცვის, რეგიონული განვითარებისა და მსხვერპლთა დაცვის უწყებების ხელმძღვანელებმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ადგილობრივ არჩევნებში მმართველმა გუნდმა უმრავლესობა დაკარგა და პოზიციები დათმო.
მთავარი კითხვის მთავარ ადრესატს დღეს კამერებთან არ უსაუბრია, თუმცა მისი პოზიციების დაცვა ვიცე-პრემიერმა სცადა. დევიდ ლემიმ მარცხი გლობალური გამოწვევებით ახსნა და პრემიერისთვის დამატებითი დროის მიცემა ითხოვა.
თანაგუნდელის პოზიციას არ იზიარებს ყოფილი ვიცე-პრემიერი. ანჯელა რეინერი პირდაპირ აცხადებს, რომ მხოლოდ შეცდომების აღიარება საკმარისი არ არის და პარტიას ქმედითი ნაბიჯები სჭირდება.
სტარმერის კაბინეტის გადადგომის მოთხოვნა ლეიბორისტული პარტიის გავლენიან წევრებსაც გაუჩნდათ. შიდაპარტიული ოპოზიცია მინისტრთა კაბინეტისგან პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას ითხოვს.
საკუთარ თანაპარტიელებსა და ოპონენტებს კირ სტარმერი დღეს ვესტმინსტერში, პარლამენტის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე შეხვდა. ბრიტანული დემოკრატიის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია არც წელს დარღვეულა - ვესტმინსტერის სასახლის დერეფნებში, მეფის სიტყვით გამოსვლამდე, პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი საკუთარ ოპონენტებთან, მათ შორის ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვებულ "რეფორმისტებთან" ერთად მიაბიჯებდა თემთა პალატიდან ლორდთა პალატისკენ.
ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისს საკანონმდებლო ორგანოს გარეთ მოსახლეობაც ეხმაურება. ლონდონელები მოქმედ მთავრობას რეკომენდაციებს აძლევენ.
ბრიტანული მედია იმ საკვანძო მიზეზებს ასახელებს, რომლებმაც სტარმერის დამარცხება და მიმდინარე კრიზისი გამოიწვია. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მის ე.წ. პოზიციის მკვეთრ ცვლილებებზე - როდესაც მთავრობა მნიშვნელოვან რეფორმას იწყებს, თუმცა წინააღმდეგობისთანავე უკან იხევს. მედია კიდევ ერთ სერიოზულ პოლიტიკურ ბრალდებაზე საუბრობს, რომ სტარმერი ადვილად "წირავს" საკუთარ თანაგუნდელებს. ბრიტანელი ჟურნალისტები ამას "ავტობუსის ქვეშ შეგდებას" უწოდებენ, რაც გადარჩენის მიზნით პასუხისმგებლობის სხვებზე გადაბრალებას გულისხმობს.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე.