06 აგვისტო 2026,   00:01
ვრცლად
მთავრობასა და ბიზნესს შორის კომუნიკაციით გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, ქსელურ მარკეტებში გაჩნდება ადგილები, სადაც ფასდაკლებული პროდუქტი იქნება წარმოდგენილი - ლევან ჟორჟოლიანი

"ფასებთან დაკავშირებით შექმნილია სამთავრობო და საპარლამენტო კომისია, რომელმაც აქტიურად იმუშავა და გამოკვეთა პრობლემური საკითხები სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით" - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა „სასურსათო კალათაზე“ საუბრისას განაცხადა, რომ სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებულ საკითხებზე სამთავრობო და საპარლამენტო კომისიები გააგრძელებენ მუშაობას.

მისი თქმით, მთავრობისა და ბიზნესის კომუნიკაციის შედეგად გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომლებიც მომხმარებლისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ქსელურ მარკეტებში მათთვის სპეციალური სივრცეები გამოიყოფა.

„მოგეხსენებათ, ფასებთან დაკავშირებით შექმნილია სამთავრობო და საპარლამენტო კომისია, რომელმაც აქტიურად იმუშავა და გამოკვეთა პრობლემური საკითხები სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანი არის, რომ მთავრობასა და ბიზნესს შორის კომუნიკაციის შედეგად გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი არის მომხმარებლისთვის და ქსელურ მარკეტებში გაჩნდება სპეციალური ადგილები, სადაც ფასდაკლებული 15 დასახელების პროდუქტი იქნება წარმოდგენილი.

ეს არის, მოკლე ვადაში შედეგი, ვფიქრობთ, რომ უნდა გაგრძელდეს მუშაობა, რათა საბოლოო შედეგი ფასებთან მიმართებაში გრძელ ვადაში იქნეს მიღწეული“, - აცხადებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.

ცნობისთვის, ქსელურ მარკეტებში დღეიდან ფასდაკლებული პროდუქტების სტენდები განთავსდა - კომპანიებში განმარტავენ, რომ მომხმარებელს სოციალურ კალათაში განთავსებული 15 სახეობის პროდუქტის შეძენა შეუძლია. "კარფური", "სპარი", "მაგნიტი", "კალათა", "უნივერსამი", "გუდვილი", "ზღაპარი", "ნიკორა", "ლიბრე" და "აგროჰაბი" - კალათის შექმნის და სასურსათო პროდუქტებზე ფასდაკლების სურვილი ყველა ქსელურმა მარკეტმა გამოთქვა.  

დღის ამბები