05 აგვისტო 2026,   16:44
ვრცლად
"საქართველოს წინააღმდეგ მიმართული მორიგი მტრული ნაბიჯი" - მმართველი გუნდი, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციაზე 

"სამწუხაროა ყოველთვის, რომ ქართველი იღებს საქართველოს მიმართ დარტყმებში მონაწილეობას" - ვიცე-პრემიერი და სახელმწიფო მინისტრი სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში, სალომე ზურაბიშვილსა და იმ ქართველებს გულისხმობს, რომელთა მონაწილეობით, საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ საქართველოს შესახებ კრიტიკული დოკუმენტი დაამტკიცა. მამუკა მდინარაძის განცხადებით, ფაქტი, რომ მსგავს დოკუმენტებს ქართველები ამზადებენ და არა ის პოლიტიკოსები, რომლებიც მას ამტკიცებენ - საბოლოოდ, ამ რეზოლუციებს ფასს და წონას უკარგავს.

სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პარლამენტში, სხდომაზე დოკუმენტის დამტკიცების მომენტში იმყოფებოდა. ფოტომასალა ყოფილმა პრეზიდენტმა სოციალური ქსელის საშუალებით თავად გამოაქვეყნა. კენჭისყრამდე კი მოლოდინებზე, ასევე სოციალური ქსელის მეშვეობით ისაუბრა.

საქართველოს წინააღმდეგ მიმართული მორიგი მტრული ნაბიჯი - ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ ყოფილი პრეზიდენტის პარიზული ვოიაჟი. შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის ნებისმიერი ქმედება, საქართველოსთვის ზიანის მიყენებაზეა გათვლილი.

საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა, რეზოლუციის მეშვეობით მთავრობას ბიძინა ივანიშვილისა და გარკვეული პირების წინააღმდეგ მიზნობრივი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა ღია უნდა დარჩეს პოლიტიკური წინაპირობების შესრულებამდე და მთავრობის მიერ კანონის უზენაესობასა და ფუნდამენტურ უფლებებზე თავდასხმების დასრულებამდე. დოკუმენტი პარიზში მცხოვრებმა ქართველებმა მოამზადეს. ამას თავადაც ადასტურებს ოპოზიციონერი აქტივისტი თამარ დემურია. ის ვიდეომიმართვაში ჰყვება, რომ რეზოლუციის მომზადებაზე ასოციაცია "საფრანგეთიდან დანახული საქართველო," წელიწად ნახევრის განმავლობაში მუშაობდა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრების შეფასებით,ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებული სხვა რეზოლუციების მსგავსად, საფრანგეთის კანონმდებლების მიერ დამტკიცებული დოკუმენტიც ტყუილზე და ცილისწამებაზეა აგებული. ქართველი დეპუტატების შეფასებით, სამშობლოს მოღალატეების ხელით მომზადებული ვერანაირი დოკუმენტი, მთავრობის კურსზე, რომელიც ეროვნული ინტერესების დაცვას ეფუძნება გავლენას ვერ მოახდენს.

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ რეზოლუცია გუშინ, 68 ხმით 28-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.

დღის ამბები