ბრძოლა სახელმწიფოებრიობისა და რელიგიის წინააღმდეგ, პარლამენტის სპიკერის აზრით, "ნაციონალური მოძრაობისა" და მისი იდეური მოკავშირეების სავიზიტო ბარათად იქცა.
საუბარია პატრიარქის აღსაყდრების ცერემონიის პარალელურად, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრის მხრიდან, სოციალურ ქსელში გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებაზე. გინება ნიკა ნარსიამ იმ ვიდეოს დაურთო, რომელშიც ოპოზიციონერი აქტივისტების მტკიცებით რუსეთის მიმართ ლოიალური დამოკიდებულება ჩანს. რეალურად კი კათოლიკოსმა შიო მესამემ საეკლესიო წესისამებრ, ინტრონიზაციის დროს ევქარისტიული ერთობის ნიშნად ჯერ მსოფლიო პატრიარქი ბართლომე მოიხსენია, შემდგომ კი მართლმადიდებლური ავტოკეფალიური ეკლესიების სხვა წინამძღოლები, მათ შორის პატრიარქი კირილიც. შალვა პაპუაშვილის განმარტებით, მსგავსი ქმედებები ადასტურებს, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი მზადაა, სუბიექტური ინტერესების გამო ყველაფერ ეროვნულს დაუპირისპირდეს.
შეურაცხმყოფელი კამპანიის მოტივებზე საუბარი დღეს თავად ნიკა ნარსიამ აღარ ისურვა. პოლიტიკოსმა დღის ბოლოს, მხოლოდ მის მიერვე დაწერილი პოსტი Facebook-ზე დაარედაქტირა და უკან დახევა სცადა. სოციალური ქსელების პარალელურად, ოპოზიციასთან აფილირებული აქტივისტები შიო III-ისა და სამოციქულო ეკლესიის დისკრედიტირებას ტელეეთერებიდანაც ცდილობდნენ.
ოპონენტების მხრიდან ეკლესიის წინააღმდეგ დაწყებულ მორიგ, კამპანიას - ლუსტრაციას უწოდებს მმართველი გუნდი. კანონმდებლების აზრით, ოპოზიციამ თავშეკავება ისტორიული მნიშვნელობის დღესაც კი ვერ შეძლო.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს თანაპარტიელებმა და კოლეგებმა ოპოზიციიდან, ნარსიასთან დისტანცირება ღიად სცადეს, ყველა მათგანი კვლავ ამტკიცებდა, რომ ეკლესიის კრიტიკა ეს ჯანსაღი და ბუნებრივი პროცესია.
საქართველოს ავტოკეფალიური სამოციქულო ეკლესიისთვის ახალი პატრიარქის აღსაყდრების მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი მამუკა მდინარაძემ. სახელმწიფო მინისტრისა და ვიცე-პრემიერის განცხადებით, მსგავსი მასშტაბის მოვლენების დროს აუცილებელია ყველა პოლიტიკოსმა შეურაცხმყოფელი განცხადებებისგან თავი შეიკავოს, რადგან ეს სამომავლო ერთიანობის პერსპექტივას აზიანებს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ინტრონიზაცია დღეს სვეტიცხოვლის ტაძარში შედგა. შიო III საქართველოს სამოციქულო ეკლესიის 142-ე მეთაური იქნება.