05 აგვისტო 2026,   08:43
ვრცლად
ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური პატრიარქს: დიდად ვხარობთ თქვენი ღირსეული არჩევით სრულიად საქართველოს 142-ე კათოლიკოს-პატრიარქად

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესს და უნეტარეს შიოს, აღსაყდრებას ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური ულოცავს.

ტირანის, დურესისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსის, ანასტასის ოფიციალურ წერილში ნათქვამია, რომ ალბანეთის ეკლესია დიდი სიხარულით უერთდება ქართველი ხალხის ზეიმს.

"დიდად ვხარობთ თქვენი ღირსეული არჩევით სრულიად საქართველოს 142-ე კათოლიკოს-პატრიარქად. თქვენს აღსაყდრებას საქართველოს ისტორიული, სამოციქულო და ავტოკეფალური ეკლესიის წმიდა ტახტზე ვეგებებით სამების დიდებითა და გულითადი ლოცვით, უერთდებით რა საზეიმო შეძახილს: „აქსიოს!“

გვწამს, რომ თქვენი წინამძღოლობით, საქართველოს საყვარელი ერი სულიერ წარმატებასა და ნაყოფიერებას მიაღწევს. იმავდროულად, თქვენი ღვაწლი კიდევ უფრო განამტკიცებს მართლმადიდებლურ ერთობასა და მის ცხოველმყოფელ მოწმობას დღევანდელ, განსაცდელით აღსავსე მსოფლიოში.

თქვენი წინამორბედის, ნეტარხსენებული კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მემკვიდრეობა - უდიდესი მასშტაბის მქონე იერარქისა, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში სიბრძნითა და ურყევი რწმენით მწყემსავდა საქართველოს ისტორიულ და წამებულ ეკლესიას - თქვენს უნეტარესობას აკისრებს წმიდა და საპასუხისმგებლო მისიას. გვჯერა, რომ ამ მძიმე, თუმცა მადლმოსილ ტვირთს შესაბამისი ღვთისმოსაობით, მონდომებით და თავდადებით ატარებთ.

ალბანეთის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია, ჩვენს დობილ ეკლესიებს შორის არსებული ძმური კავშირების ერთგული, სიხარულით იზიარებს თქვენი სამწყსოს ზეიმს თქვენი არჩევისა და მოახლოებული ინტრონიზაციის გამო", - წერია ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის წერილში.

 

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები