03 აგვისტო 2026,   17:11
ვრცლად
"სრულად ვარ მინდობილი ყოვლადწმინდა სამებას, რადგან, ღვთის შეწევნის გარეშე, ამ ჯვრის ტვირთვა კაცთათვის შეუძლებელია" - შიო III-მ აღსაყდრების შემდეგ მრევლს მიმართა

ქვეყანას ახალი პატრიარქი ჰყავს - თითქმის ნახევარსაუკუნოვანი ეპოქის დასრულების შემდეგ, 2026 წლის 12 მაისს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი ეტაპი დაიწყო.

"აქ, თქვენს წინაშე მდგარი, ვმადლობ და ვადიდებ უფალს" - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აღსაყდრების შემდეგ ქვეყნის პირველ პირებსა და მრევლს მიმართა.

უწმინდესმა და უნეტარესმა თავის სიტყვაში ეკლესიის ისტორიულ მისიაზე, საღვთო განგებულებასა და იმ სულიერ სიმძიმეზე ისაუბრა, რაც პატრიარქის მსახურებას ახლავს.

"ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ბატონო დედაქალაქის მერო, ყოვლადსამღვდელონო, მღვდელთმთავარნო, ღირსნო და პატიოსანნო მამანო დედანო, დიდია მადლი და წყალობა უფლისა ამ ღვთივ კურთხეულ დღეს. აქ სვეტიცხოვლის ტაძარში თქვენს წინაშე მდგარი, ვმადლობ და ვადიდებ უფალს, ამავდროულად კი მიპყრობს კრძალვა და სასოებით შევღაღადებ მას, მაუწყე მე უფალო გზა, რომელსაც ავიდოდი, ვსასოებ და მუხლს ვიყრი ყოვლადმოწყალე ღვთის წინაშე, რომლის განგებულებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დიდმა კრებამ დამადგინა, ანდრია პირველწოდებულის საფუძველ დადებული უძველესი ეკლესიის კათოლიკოს პატრიარქად.

"არავინ თავით თვისით მოიღის პატივი, არამედ რომელი წოდებულ არს ღვთისა მიერ,"- ამბობს მოციქული პავლე და მეც განმცდელი ამ პატივის სიდიადისა და სიმძიმისა სრულად ვარ მინდობილი ყოვლადწმინდა სამებას, რადგან ამ ჯვრის ტვირთვა ღვთის შეწევნის გარეშე კაცთათვის შეუძლებელია. მაგრამ მანუგეშებს და მამხნევებს ღვთის სიტყვები "არა დაგიტეო, არცა დაგაგდო შენ", - განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ.

 

დღის ამბები