უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლი, მიტროპოლიტი ეპიფანე სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს.
გავრცელებულ მიმართვაში მიტროპოლიტი ეპიფანე ხაზს უსვამს ამ გადაწყვეტილების მნიშვნელობას და ახლად არჩეულ პატრიარქს წარმატებებს უსურვებს.
მიმართვაში აღნიშნულია, რომ ეპიფანე მიესალმება წმინდა სინოდის გადაწყვეტილებას და მეუფე შიოს "დაძმობილებული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის" წინამძღოლად არჩევას ულოცავს. ეპიფანე აღნიშნავს, რომ ეს არის მაღალი და საპასუხისმგებლო მოწოდება ქართველი ერის სულიერი გადარჩენის გზაზე.
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა განსაკუთრებული პატივისცემით მოიხსენია უწმინდესი და უნეტარესი ილია II. მან აღნიშნა, რომ ახალი პატრიარქი მოღვაწეობას იწყებს იმ მდიდარ სულიერ საფუძველზე, რომელიც ილია II-მ ათწლეულების განმავლობაში შექმნა. ეპიფანეს თქმით, ილია II-ის ცხოვრება ქრისტეს ერთგულებისა და საკუთარი ხალხისადმი თავდადებული მსახურების მაგალითია.
დასასრულს, მიტროპოლიტი ეპიფანე მეუფე შიოს უსურვებს სიბრძნეს, სულიერ ძალასა და ღვთის შეწევნას, რათა ღირსეულად გაუძღვეს ქართველ ხალხს.
"დაე, უფალმა აკურთხოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრების ახალი ეტაპი და ატაროს იგი ჭეშმარიტების, სიყვარულისა და მშვიდობის გზით", - ნათქვამია განცხადებაში.