01 აგვისტო 2026,   21:17
ვრცლად
სარფის გამშვებ პუნქტზე 20 წლის თურქეთის მოქალაქე დააკავეს - მას კოკაინი და პრეგაბალინი აღმოაჩნდა​

კოკაინი და პრეგაბალინი თურქეთის მოქალაქემ საქართველოს ტერიტორიაზე სარფის გამშვები პუნქტიდან შემოიტანა. ახალგაზრდა მამაკაცმა საზღვარი ფეხით გადმოკვეთა, თუმცა ტერიტორიიდან გასვლა ვეღარ მოასწრო - მასთან სამართალდამცველები მივიდნენ და ხელბორკილები დაადეს. ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია 20 წლის მამაკაცი.

დაკავებამდე თურქეთის მოქალაქე გაჩხრიკეს, დეტალური დათვალიერება ჩაუტარდა ბარგსაც, რომელიც თან ჰქონდა. აღმოჩნდა, რომ კოკაინი და პრეგაბალინი მას საგულდაგულოდ ჰქონდა დამალული.

"კურიერის" ინფორმაციით, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები, რომლებიც მან საქართველოში შემოიტანა, პოლიეთილენის პარკებში იყო გადახვეული და ტანსაცმლის ქვეშ, სხეულზე ჰქონდა დამაგრებული.

სარფის ტერიტორიაზე 20 წლის მამაკაცის დაკავების საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე საათი გაგრძელდა. კოკაინისა და პრეგაბალინის საქართველოში გავრცელების მცდელობის ფაქტი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მებაჟე ოფიცრებთან ერთად, აღკვეთეს.

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს.

თურქეთის მოქალაქის დაკავებამდე პოლიციამ ოპერატიული ღონისძიებები ჩაატარა. საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ კი სამართალდამცველები ნარკოდანაშაულის კვალზე გავიდნენ.

თურქეთის მოქალაქეს ბრალი პროკურატურამ უკვე ოფიციალურად წარუდგინა. 20 წლის მამაკაცი ახლა წინასწარ ორთვიან პატიმრობაშია.

დღის ამბები