სამების საკათედრო ტაძარში კენჭისყრა დაიყო. მასში სინოდის ყველა წევრი მონაწილეობს.
იქამდე, მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე, პატრიარქობის კანდიდატებმა პროგრამა წარადგინეს.
"კრება მიმდინარეობს იმ რეგლამენტის მიხედვით, რომელიც იყო წინასწარ გაწერილი და შეთანხმებული", - განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ კენჭისყრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებას პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო თავმჯდომარეობს.
დღევანდელ კრებაზე მღვდელმთავრებმა არჩევანი სამ კანდიდატს შორის უნდა გააკეთონ. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო, მიტროპოლიტი იობი და მიტროპოლიტი გრიგოლი - წმინდა სინოდმა აპრილის ბოლოს ხმათა უმრავლესობით შეარჩია. გაფართოებულ კრებას სამების ტაძარში 1 200-მდე პირი ესწრება, თუმცა ხმის მიცემის უფლება 39 ეპისკოპოსს აქვს.
იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კანდიდატი 50%-ზე მეტ ხმას დააგროვებს და 20 ხმას მიიღებს, მეორე ტური არ შედგება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მაღალი რანგის სასულიერო პირებს, მათ შორის, მოუწევთ არჩევანის გაკეთება, ვისაც ყველაზე მეტი ხმა ექნება.