29 ნოემბერი 2026,   01:12
ვრცლად
კანდიდატებმა პროგრამა წარადგინეს, ახლა იწყება დელეგატების სიტყვით გამოსვლა, რის შემდეგაც კენჭისყრა ჩატარდება. სხდომას წმინდა სინოდის ყველა წევრი ესწრება - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე კანდიდატებმა პროგრამა უკვე წარადგინეს. კენჭისყრაში სინოდის ყველა წევრი მიიღებს მონაწილეობას.

"კრება მიმდინარეობს იმ რეგლამენტის მიხედვით, რომელიც იყო წინასწარ გაწერილი და შეთანხმებული. ამ ეტაპისთვის კანდიდატმა მღვდელმთავრებმა სიტყვა წარმოთქვეს. მათი ხედვა, ასე ვთქვათ, მათი პროგრამა წარმოთქვეს. ახლა იწყება შემდეგი ეტაპი, როდესაც უკვე დელეგატები იტყვიან სიტყვას და ამის შედეგ დაიწყება კენჭისყრა. სრული შემადგენლობაა სინოდის", - აღნიშნა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება მიმდინარეობს, რომელზეც ქვეყნის ახალ კათოლიკოს-პატრიარქს აირჩევენ. კრებას თავმჯდომარეობს პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო. დღევანდელ გაფართოებულ კრებაზე მღვდელმთავრებმა არჩევანი სამ კანდიდატს შორის უნდა გააკეთონ. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო, მიტროპოლიტი იობი და მიტროპოლიტი გრიგოლი - წმინდა სინოდმა აპრილის ბოლოს ხმათა უმრავლესობით შეარჩია. გაფართოებულ კრებას სამების ტაძარში 1 200-მდე პირი ესწრება, თუმცა ხმის მიცემის უფლება 39 ეპისკოპოსს აქვს.

იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კანდიდატი 50%-ზე მეტ ხმას დააგროვებს და 20 ხმას მიიღებს, მეორე ტური არ შედგება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მაღალი რანგის სასულიერო პირებს, მათ შორის, მოუწევთ არჩევანის გაკეთება, ვისაც ყველაზე მეტი ხმა ექნება.

 

 

 

დღის ამბები