ოპოზიცია ოპოზიციის ოპოზიციად იქცა - დაპირისპირების საგა, რომელიც ახლად შექმნილ ალიანსში მიმდინარეობს, მრავალსერიანია. პოლიტიკურ გზაჯვარედინზე 9 პარტიის გაერთიანების გზები, რამდენიმე თემის, მათ შორის, 26 მაისს დაანონსებული შეკრების გამო გაიყო. კოლეგებს სტრატეგია მიხეილ სააკაშვილმა მალევე დაუწუნა. რუსთავის ციხის პატიმარს, ყოფილი თანაგუნდელების მიმართ დამაკნინებელი ეპითეტები არ დაუზოგავს, თანამოაზრეები უკვე მოღალატეები და გაყიდულები არიან. "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ თავმჯდომარეს, სხვა ყოფილიც აჰყვა. ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციისგან ითხოვს გააგებინონ, ტარდება თუ არა 26 მაისის აქცია. კონკრეტული კითხვა კონკრეტული პასუხის გარეშე დარჩა, თუმცა ხაბეიშვილის კრიტიკას მთავარმა მოპასუხემ, თამარ ჩერგოლეიშვილმა უპასუხა.
ჩერგოლეიშვილ-ხაბეიშვილის ფრონტი ამ ამბის მხოლოდ ერთი ეპიზოდია. სანამ ოპოზიციის ერთი ნაწილი ერთმანეთის კრიტიკითა და კითხვა-პასუხით იყო დაკავებული, მეორე ნაწილი უფრო შორს წავიდა და სამიზნე ამომრჩეველზე გაასწორა. ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ ერთ ვიდეოში ბევრი თქვა: ის, რომ ოპოზიციას ხალხის მობილიზება უჭირს, თუმცა პასუხისმგებლობა საკუთარ მომხრეებს დააკისრა. მათი მისამართით არც შეურაცხმყოფელი ფრაზები დაუზოგავს და არც კატეგორიული განცხადება, რომ პრეტენზიებს არ იღებს.
ჯაფარიძის ვიდეო-მიმართვას პასუხად, საკუთარი მომხრეების მწვავე შეფასებები მოჰყვა: შეურაცხმყოფელი პოსტები, წარსულის შეხსენება, პასუხისმგებლობაზე მითითება და სხვაზე გადაბრალების დასრულების მოთხოვნა
ოპოზიციის ბუნდოვანი სტრატეგიით არ სრულდება. ამომრჩეველთან საერთო ენა ოპოზიციონერებმა, ვერც საჯარო შეხვედრების სახელით დაანონსებულ დახურულ შეკრებებზე გამონახეს. ამ დრომდე, არც ქვეყნის მასშტაბით დაპირებული კარდაკარი ჩანს.
ოპონენტები, რომ ელექტორალურ კრიზისში არიან, ამას მმართველი გუნდისთვის ოპოზიციის ქმედებები კიდევ ერთხელ ადასტურებს. სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ მათმა ოპონენტებმა მხარდამჭერები, საკუთარი განცხადებებით და ქმედებებით დაკარგეს.
ბოიკოტი პარლამენტს - ეს კიდევ ერთი საკითხია, რამაც ალიანსში ახალი დაპირისპირების კერა გააჩინა. ამჯერად ამ ეპიზოდის ავანგარდში ნიკა გვარამიაა. ყოფილი პროკურორი აცხადებს, რომ მანდატებზე უარის თქმას კოლეგები მას აბრალებენ, თავის მხრივ კი, გვარამია ოპოზიციის წარმომადგენლებს, ბრალს ორმაგ სტანდარტში სდებს.
წინასაარჩევნოდ ყოფილი "ნაციონალების" მოსყიდვაზე, მოქმედი ნაციონალები საუბრობდნენ, თუმცა წარსულში დაწყებული "წერილების კამპანია" მიხეილ სააკაშვილმა, არც აწმყოში მიატოვა და ციხიდან ისევ შემოთვალა, რომ ოპოზიციის წევრების გაუბედაობით უკმაყოფილოა. სააკაშვილს კვლავ გვარამია მოჰყვა: რაც ეთერიდან არ თქვა, სოციალური ქსელიდან გააჟღერა.
სააკაშვილმა ისევ დაწერა. დაწერა, რომ ოპოზიცია ერთი და იგივე წრეზე დადის, უმძიმეს კრიზისშია და 14 წელია ვერაფერს სწავლობს. პოლიტიკურ ლიდერებს ხალხთან კომუნიკაციის ფორმები დაუწუნა. დაიწუნა როგორც თავად წერს, "კუტოკებად" დაყოფაც, აღარა ისიც, რომ პრობლემა მის პარტიაშიცაა.
ერთმანეთზე გადაბრალების სტრატეგია, რომელსაც ოპოზიცია იყენებს, მმართველ გუნდს არ უკვირს, რადგან, როგორც სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, მათი ოპონენტების ყველა გეგმამ კრახი განიცადა. "ქართული ოცნების" ლიდერების თქმით, ოპოზიცია გარე ძალების მითითებებით მოქმედებს.
"ქართული ოცნება" დარწმუნებულია, რომ 10 არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, მე-11 გამარჯვებასაც იზეიმებს. მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ გარე დირექტივებით შექმნილი ფორმალური ერთობა, ამჯერადაც დაიშლება.
და სანამ, ოპოზიცია მიმდინარე კვირაში, ახალი დაპირისპირებით იყო დაკავებული, ალიანსში "ნაციონალური მოძრაობის" ყოფნა არ ყოფნის საკითხი ისევ ბუნდოვანი დარჩა. წინ 26 მაისია, დღე, რომელიც ყველას აერთიანებს, თუმცა თარიღების გრინჩად ქცეული ოპოზიცია ეროვნული დღესასწაულის ერთობასაც გაემიჯნა და ამჯერადაც კონკრეტიკის გარეშე, ალტერნატიული დღის წესრიგი დააანონსა.