"ბიულეტენზე სამი კანდიდატი იქნება დაბეჭდილი" - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არცევის პროცედურას განმარტავს, ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მედიასთან ისაუბრა.
დეკანოზის თქმით, კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნების კენჭისყრის დროს, ამომრჩევლები ბიულეტენზე სასურველ კანდიდატს შემოხაზავენ, შემდეგ ბიულეტენს კონვერტში განათავსებენ და საარჩევნო ყუთში მოათავსებენ. ჯაღმაიძის ინფორმაციით, გაფართოებულ კრებაზე მთელი საქართველოდან დაახლოებით 1 200-მდე დელეგატი შეიკრიბება.
"ხვალ ბიულეტენებზე იქნება შემოსახაზი - სამი კანდიდატი იქნება დაბეჭდილი ბიულეტენზე და ამომრჩეველი შემოხაზავს, შემდეგ ეს ბიულეტენი იდება კონვერტში და მოთავსდება საარჩევნო ყუთში, რომელიც ცენტრალურ ადგილზე იქნება დადებული. დაახლოებით 1 200-მდე დელეგატი იყრის თავს მთელი საქართველოდან", - აღნიშნა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა.
შეგახსენებთ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება, რომელზეც ახალ პატრიარქს აირჩევენ, ხვალ, 11 მაისს სამების ტაძარში გაიმართება. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამების მიმდებარე ტერიტორიაზე ხვალ დილის 9 საათიდან იზღუდება გადაადგილებაც.