05 აგვისტო 2026,   12:26
ვრცლად
ეპოქალური მოვლენა გველოდება ხვალ, ყველამ ილოცეთ, რომ ყველაფერი წარიმართოს ღვთის ნებითა და სიკეთით - მეუფე ანდრია პატრიარქის არჩევაზე

"ეპოქალური მოვლენა გველოდება" - ამის შესახებ გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ, ხვალ დაგეგმილ მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განაცხადა.

"ნამდვილად ეპოქალური მოვლენა გველოდება ჩვენ ყველას ხვალ - სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის არჩევნები და თქვენ, ყველამ ილოცეთ, რომ ყველაფერი წარიმართოს ღვთის ნებითა და სიკეთით", - აღნიშნა მეუფე ანდრიამ.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 142-ე კათოლიკოს-პატრიარქს ხვალ აირჩევს. გაფართოებული კრება, სამების საკათედრო ტაძარში 13:00 საათზე დაიწყება. უკვე ცნობილია, რომ კრებაზე სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა ექნებათ სამი საპატრიარქო კანდიდატის ეპარქიების წარმომადგენლებს, ასევე, თითოეული ეპარქიის დელეგატებს. ამის შემდეგ გაიმართება კენჭისყრა, რომელშიც მონაწილეობას იღებენ მხოლოდ მღვდელმთავრები. თუ პატრიარქობის 3 კანდიდატიდან ერთი 20 ხმას მიიღებს, მეორე ტური არ გაიმართება. თუ ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს 20 ხმას, მაშინ უპირატესი რჩება და მომავალ პატრიარქს 39 ეპისკოპოსი დარჩენილ ორ მღვდელმთავარს შორის ამოირჩევს. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, გაფართოებული კრება, რომელსაც 2 000-მდე დელეგატი დაესწრება პირდაპირ ეთერში არ გადაიცემა.

დღის ამბები