ისტორიული კავშირები ხმელთაშუა ზღვის რეგიონთან, ომების გავლენა მსოფლიოზე, გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე საქართველოს პოზიცია და დაკავშირებადობის საკითხები - ეს იყო მთავარი გზავნილები, რომლებიც შალვა პაპუაშვილმა თბილისიდან მონტენეგროში ჩაიტანა. სპიკერმა საპარლამენტო ასამბლეისა და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების ხელმძღვანელებს ტრიბუნიდან მიმართა და განაცხადა, რომ საქართველო შავი ზღვის, ხმელთაშუა ზღვისა და ყურის რეგიონებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიმართ ერთგული რჩება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სამიტში, სადაც მთავარი განსახილველი თემები დიპლომატია და დემოკრატიული ინსტიტუტების მდგრადობაა, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის სტატუსით მონაწილეობს. ისტორიულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას შალვა პაპუაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება დაკავშირებადობის მნიშვნელობაზე გაამახვილა. ისაუბრა როგორც ეკონომიკურ ზრდაზე, ასევე უსაფრთხო და მდგრადი ენერგეტიკული გარემოს შექმნაზე.
ისტორიული ფორუმის პარალელურად, პარლამენტის თავმჯდომარემ მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების პოლიტიკურ ლიდერებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა. შალვა პაპუაშვილი მონტენეგროს პარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა და ქვეყნებს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრა.
ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დაცვა და დიალოგის მნიშვნელობა იყო მალტის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრისას. მხარეებმა საერთაშორისო წესრიგის არასტაბილურობის პირობებში რეგიონული პლატფორმების როლზე ისაუბრეს. ამ კონტექსტში აქცენტი გაკეთდა ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობის მნიშვნელობაზეც.
ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტის ფარგლებში, შალვა პაპუაშვილი ქალაქ ბუდვაში ორმხრივ შეხვედრებს აგრძელებს. ასამბლეა, , ხვალ დასრულდება.