02 აგვისტო 2026,   10:40
ვრცლად
დაცვის მხარის ადვოკატებმა უდავოდ მიიჩნიეს ნია იმნაძის გამოკითხვა, ფაქტობრივად, დისკომფორტი აარიდეს მოწმეს, რომელსაც მოუწევდა საკმაოდ კრიტიკულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა - პროკურორი

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ორი არასრუწლოვნის საქმის განხილვა გადაიდო.

დღეს პროცესზე იძულების წესით ნია იმნაძე უნდა გამოეკითხათ თუმცა მას სამედიცინო დამხარება დასჭირდა. იმნაძეს აღარ გამოკითხავენ რადგან დაცვის მხარემ უდაოდ სცნო.


"დაცვის მხარის ადვოკატებმა, როგორც ბრალდებულის, ანი ნასყიდაშვილის, ასევე, დემეტრე ჩიქოვანის წარმომადგენელმა ადვოკატებმა უდავოდ მიიჩნიეს ნია იმნაძის გამოკითხვა. უდავოდ მიჩნევა ნიშნავს იმას, რომ ისინი ეთანხმებიან გამოძიებაში უკვე არსებულ ჩვენებას," - განაცხადა გიგა ავალიანის საქმის პროკურორმა, ქეთევან სონიძემ ნია იმნაძის გამოკითხვასთან დაკავშირებით.

პროკურორი ვარაუდობს, რომ დაცვის მხარემ დისკომფორტი აარიდა მოწმეს, რომელსაც საკმაოდ მწვავე კითხვებზე მოუწევდა პასუხის გაცემა.

"დღევანდელ სასამართლო სხდომაზე იძულების წესით უნდა დაკითხულიყო იძულების წესით მოყვანილი არასრულწლოვანი მოწმე ნია იმნაძე, რომელიც დანაშაულის მოტივთან და, უშუალოდ, ჩადენილ დანაშაულთან მჭიდრო კავშირშია. მიუხედავად იმისა, რომ მოწმე იძულების წესით მოიყვანა პოლიციამ, ის სასამართლო სხდომის დარბაზში იქნა წარმოდგენილი, დადო ფიცი, გაფრთხილებულ იქნა სამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე, - ანუ, ყველა ეს პროცედურა გაიარა - დაცვის მხარის ადვოკატებმა როგორც ბრალდებულის, ანი ნასყიდაშვილის, ასევე დემეტრე ჩიქოვანის წარმომადგენელმა ადვოკატებმა უდავოდ მიიჩნიეს ნია იმნაძის გამოკითხვა.

უდავოდ მიჩნევა ნიშნავს იმას, რომ ისინი ეთანხმებიან გამოძიებაში უკვე არსებულ ჩვენებას - მოგეხსენებათ, რომ ნია იმნაძე სამჯერ იქნა გამოკითხული გამოძიების მიერ. დათანხმება ნიშნავს იმას, რომ ეს მტკიცებულება მტკიცებულებად რჩება საქმეში, ანუ, ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით სამართლებრივ პრობლემას ვერ შექმნიან ამით. თუმცა მიღებული გადაწყვეტილებით დაცვის მხარის ადვოკატებმა ფაქტობრივად, დისკომფორტი აარიდეს მოწმეს, რომელსაც მოუწევდა საკმაოდ კრიტიკულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა.

დაცვის მხარემ, სავარაუდოდ, ეს გადაწყვეტილება სწორედ იმ ურთიერთობის გამო მიიღო, რაც ჰქონდათ ბრალდებულებს მოწმესთან. ისინი არიან ერთი სამეგობრო წრის წარმომადგენლები.

მოგეხსენებათ, რომ ანი ნასყიდაშვილი, დემეტრე ჩიქოვანი, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ერთად გეგმავდნენ, ერთად ამზადებდნენ, ერთად ჩაიდინეს და, შემდგომ, ერთად ჩქმალავდნენ დანაშაულს შემდგომ ინფორმაციას. შესაბამისად, ეს არის ერთი სამეგობრო წრე, რომელიც დაინტერესებულია ერთმანეთისთვის პასუხისმგებლობისა და იმ დისკომფორტის არიდებით, რაც დღეს ნია იმნაძეს შეექმნებოდა.

მიუხედავად ამისა, რომ ეს იყო ამ გადაწყვეტილების რეალური საფუძველი, დაცვის მხარის ადვოკატებმა ეს გაასაღეს, როგორც თავიანთი კეთილშობილური საქციელი - ამის მიზეზად დაასახელეს მოწმის მძიმე ფსიქოლოგიური და ემოციური მდგომარეობა, ტირილი და ა.შ. სინამდვილეში, ეს ყველაფერი მიზნად ისახავდა იმას, რომ როგორმე გაერიდებინათ ნია იმნაძე მართლმსაჯულებისგან რაც, ამ ეტაპზე, მოახერხეს.

ამ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით ნია იმნაძე მოწმის სახით აღარ დაიკითხება, - უდავოდ მიჩნევა გამორიცხავს მის ხელახლა მოყვანას სასამართლოში დასაკითხად, თუმცა ეს გადაწყვეტილება დაცვის მხარეს წარმატებით შეეძლო მიეღო წინასასამართლო სხდომებზეც და დღესაც, სანამ პროცესი დაიწყებოდა და მაშინ სახელმწიფოს აღარა დასჭირდებოდა იძულების მექანიზმების გამოყენება, განჩინების გაცემა იძულებით მოყვანაზე და მთელი რიგი პროცედურები, რის გამოც დაიხარჯა სახელმწიფო რესურსი. ეს იყო წინასწარ დაგეგმილი სცენარი, მოულოდნელი სიურპრიზი, რაც მოკლებულია სერიოზულობას," - აცხადებს პროკურორი ქეთევან სონიძე.

პროცესს ესწრებოდა გიგა ავალიანია დედა ეკა კუპატაძეც. დემეტრე ჩიქოვანს ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადება, ანა ნასყიდაშვილს - განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა 

დღის ამბები