05 აგვისტო 2026,   21:07
ვრცლად
რამდენიმე დღე ახალი პატრიარქის არჩევამდე - რა ბრალდებები წაუყენა მეუფე ზენონ იარაჯულმა ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში ტახტის მოსაყდრეს

მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯულის მთავარი სამიზნე, პატრიარქის მიერ სიცოცხლეშივე გამორჩეული მოსაყდრე მას შემდეგ გახდა, რაც მიტროპოლიტი შიო, პატრიარქობის ერთ-ერთ კანდიდატად, ხმათა დიდი უმრავლესობით გამოარჩიეს. დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიის მღვდელმთავარს, "ტვ პირველთან" 1 საათიანი ინტერვიუს დროს, მეუფე შიო მუჯირზე ერთი კარგი სიტყვაც არ უთქვამს. სამაგიეროდ ბევრი ცუდი თქვა პატრიარქის არჩევის პროცესთან დაკავშირებით და თავად მოსაყდრეზე, რომელსაც მძიმე ბრალდებებიც წაუყენა.

ეკლესიაზე შეტევის მეორე ტალღაში მალევე ჩაერთო მედიის გარკვეული ნაწილიც. მეუფე ზენონის მადისკრედიტირებელი განცხადებები სხვადასხვა მედიაპლატფორმაზე ხმაურიანი სათაურებით წამებში გავრცელდა. ამის შესახებ ისაუბრა ქადაგების დროს ბოდბელმა მიტროპოლიტმაც. მეუფე იაკობის მსგავსად, პატრიარქობის ერთ-ერთმა კანდიდატმა მეუფე გრიგოლმა, მედიასთან განაცხადა, რომ ეკლესიამ რთული მონაკვეთი ღირსეულად უნდა გაიაროს. თუმცა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტს არაფერი უთქვამს მეუფე ზენონზე.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მღვდელმთავრები მომავალ კვირას გამოარჩევენ. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ გაფართოებული კრებისა და პატრიარქის არჩევის პროცესზე ქაშუეთის ტაძარში, ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ, დღეს ქადაგების დროს ისაუბრა.

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრისა და სხვა მღვდელმთავრების მოწოდებების მიუხედავად, ეკლესიაზე თავდასხმებს არ წყვეტენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. ხელისუფლების ოპონენტები, ვინც სინოდის წევრებსა თუ პატრიარქს წლების განმავლობაში უტევდნენ, ახლა ტელეეთერებს ისევ ეპისკოპოსების შეურაცხყოფისთვის იყენებენ.

მსგავსი განცხადებები მრავლად ინახება არქივშიც. იმის მიუხედავად, რომ ეკლესიასთან მებრძოლი მთავარი ფიგურანტები მაშინაც და ახლაც, სწორედ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები არიან, ოპოზიციაში მაინც ამტკიცებენ, რომ მათ რიგებში ეკლესიის დაზიანების ინტერესი არავის აქვს.

სწორედ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ორკესტრირებულ კამპანიაზე მიუთითებს სახელისუფლებო გუნდი, სადაც დღეს კიდევ ერთხელ ითქვა, რომ ეკლესიაზე მიზანმიმართული თავდასხმა, ერის იდენტობაზე თავდასხმას ნიშნავს. "ქართული ოცნებისთვის" ანტიქრისტიანულია ყველა ის განცხადება, რომელიც დღეს უკვე პატრიარქის არჩევნებთან თუ კონკრეტულ კანდიდატებთან დაკავშირებით ისმის.

ქართული ეკლესიის ახალ წინამძღოლს, მღვდელმთავრები გაფართოებულ კრებაზე ერთ კვირაში აირჩევენ. სამების საკათედრო ტაძარში გადაწყდება, ვინ გახდება საქართველოს 142 პატრიარქი. მღვდელმთავრებმა არჩევანი სინოდის მიერ 20 ხმით გამორჩეულ მოსაყდრე შიო მუჯირს და 7-7 ხმით არჩეულ მეუფებს - გრიგოლ ბერბიჭაშვილსა და იობ აქიაშვილს შორის უნდა გააკეთონ.

დღის ამბები