სოდის ტომრებში დამალული მეტამფეტამინი საქართველოში სატვირთოთი შემოიტანეს. მალევე გაირკვა, რომ ავტომობილი საერთაშორისო ნარკოტრეფიკისთვის იყო განკუთვნილი - ნარკოტიკი სომხეთიდან საქართველოს გავლით, ბულგარეთში უნდა ჩაეტანათ.
კაუსტიკური სოდის ტომრებში 103 კილოგრამი მეტამფეტამინი აღმოჩნდა. ნარკოტიკის ღირებულება შავ ბაზარზე 30 მილიონი ლარია.
ნარკოტრეფიკის საქმეზე ერთი პირია დაკავებული. "კურიერმა" გაარკვია, რომ მას საქართველოს და თურქეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს და ერთ-ერთი კომპანიის დირექტორია. სამართალდამცველებმა გაშიფრეს სქემაც, რომლის მიხედვითაც საქართველო სატრანზიტო ქვეყნად უნდა გამოეყენებინათ. ირკვევა, რომ 51 წლის მამაკაცმა კუთვნილი სატვირთო ავტომობილი საქართველოდან ჯერ სომხეთში გაგზავნა, მისაბმელი სოდის ტომრებში დამალული მეტამფეტამინით დაატვირთინა, შემდეგ კი მისივე კომპანიის მძღოლს საქართველოში შემოატანინა.
მასშტაბური საპოლიციო ღონისძიების დეტალები დღეს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა განმარტა.
ნარკოტიკის განსაკუთრებით დიდი რაოდენობის გამო სამართალდამცველებს და ექსპერტ-კრიმინალისტებს გაფორმების ეკონომიკურ ზონაში მუშაობა რამდენიმე საათის განმავლობაში მოუწიათ. ადგილზე შესაბამისი სამართლებრივი პროცედურებიც ჩატარდა.
ეს მოწყობილობა ნარკოანალიზატორია - სწორედ ამ კაფსულის გალურჯების შემდეგ დადასტურდა, რომ კაუსტიკურ სოდაში მეტამფეტამინი იყო გარეული.
103 კილოგრამი მეტამფეტამინის საქმეზე დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს.
ჰყავდა თუ არა დაკავებულს მოკავშირეები და ვინ არიან ისინი - ამას გამოძიება უახლოეს პერიოდში დაადგენს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები კომპლექსურ ღონისძიებებს ატარებენ.
საერთაშორისო ნარკოტრეფიკის საქმეზე დღის ბოლოს განცხადება გენერალურ პროკურატურაში გაკეთდა. დაკავებულს, რომელიც ერთ-ერთი კომპანიის დირექტორია, ბრალი უკვე ოფიციალურად წარუდგინეს.
103 კილოგრამი მეტამფეტამინის საქმეზე გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონოდ შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის მუხლებით გრძელდება.