03 აგვისტო 2026,   21:35
ვრცლად
სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ელექტროენერგიის სუბსიდირების თანხა იზრდება

სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, ელექტროენერგიის სუბსიდირების თანხა იზრდება. ცვლილების მიზანია, ახალი ტარიფის განსაზღვრის შემდეგ, ელექტროენერგიის გადასახადი მათთვის უცვლელი დარჩეს.

მთავრობის დადგენილებით, ოჯახებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ზე ნაკლებია, დამატებით 5 თეთრი სუბსიდია გაიცემა. ჯამში, ისინი დახმარების სახით მიიღებენ 2020 წლის დეკემბერსა და 2015 წლის ივლისში არსებულ სამომხმარებლო ტარიფს შორის სხვაობას, დამატებული 1 კვტ-სთ-ზე 8-ნახევარ თეთრს.

ამ დრომდე ეს მაჩვენებელი 1 კვტ-სთ-ზე 3-მ ნახევარ თეთრს შეადგენდა. სიახლე თბილისის მუნიციპალიტეტის გარდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით მცხოვრებ ბენეფიციარებს შეეხება.

"გაიმართა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელმაც იმსჯელა სოციალურად დაუცველი ოჯახების მხარდაჭერის ღონისძიებებზე და რეკომენდაციით მიმართა მთავრობას, რომ გაგრძელდეს ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირება იმ ოჯახებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 150 ათას არ აღემატება და მათ სრულად დაუფინანსდეთ გაზრდილი 5-თეთრიანი ტარიფი. გაგრძელდება სოციალურად დაუცველი იმ მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერაც, რომელთა სარეიტინგო ქულა 300 000-ს არ აღემატება და მათთვის ყოველთვიური სუბსიდიის ოდენობა განისაზღვრება თვეში არა უმეტეს 30 ლარის ოდენობით, ნაცვლად მანამდე მოქმედი 20 ლარისა, პლუს, ყოველ მომდევნო შვილზე დამატებით 10 ლარისა", - აცხადებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ირინე წაქაძე. 

დღის ამბები