ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „დებატებში“ იმ ახალ რეგულაციებზე ისაუბრა, რომლებიც ახალი ვენახის გაშენებას შეეხება.
როგორც მან აღნიშნა, რომ საჭიროა მხოლოდ ორი დოკუმენტი და მიწის ნაკვეთის მესაკუთრეობის ან ქირავნობის დამადასტურებელი ცნობა. ლევან მეხუზლამ ხაზი გაუსვა, რომ უკვე არსებულ ვენახებს არანაირი დამატებითი წინაპირობა არ უწესდებათ.
„რეალურად, არანაირი ბევრი ცნობა არაა საჭირო - ერთადერთი, ეს არის ლაბორატორიული ანალიზი. ვერ დავეთანხმები ბატონ გიას, რომ ეს ცნობა რთული მოსაპოვებელია - არსებობს საქართველოში ლაბორატორიები, რომლებიც ჩვენ მიერ ჩამოთვლილ ანალიზებს წარმატებით და ეფექტურად აკეთებენ და არიან აკრედიტებული ამ სფეროში. შემდეგი, რასაც ვითხოვთ, ეს არის ის, რომ ნიადაგის წყლის დგომა იყოს ერთ მეტრზე მეტი (სიღრმეში), რაც, მგონი, სრულიად ბუნებრივი და სამართლიანია, ვინაიდან წყლიან ნიადაგზე, ჭალებში ვენახის გაშენება არ არის სახარბიელო; შედეგად გვაქვს ბევრი და უხარისხო ყურძენი.
შესაბამისად, მხოლოდ ეს ორი დოკუმენტი, პლუს იმ მიწის ნაკვეთის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სადაც ვაპირებთ გაშენებას, რეესტრიდან ამონაწერი ან ხელშეკრულება, რომელიც მფლობელს ან დამქირავებელს აძლევს გარანტიას, რომ რამდენიმე წელი მის განკარგულებაში იქნება ეს მიწა - ეს არის ის საბუთები, რასაც მოვითხოვთ იმ შემთხვევაში, თუ მეწარმე გადაწყვეტს ვენახის გაშენებას. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ვთქვა, რომ არსებულ ვენახებს არანაირი დამატებითი რეგულაცია, წინაპირობა ან მოთხოვნა არ უწესდება ამ კანონით და კანონქვემდებარე აქტით“, - აცხადებს ლევან მეხუზლა“.