თბილისის საქალაქო სასამართლოში, 7 ნოემბრის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართა. პროცესზე ბრალდების მტკიცებულებები გამოიკვლიეს.
პროკურატურა სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია "იმედში" შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება. დანაშაული 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
პროკურორის, ლაშა კოტრიკაძის განცხადებით, მოწმის სახით დაიკითხა მაშინდელი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების რაზმის ხელმძღვანელი პირი, რომელმაც აღწერა დარბევისა და TV "იმედში" შესვლის ეპიზოდი.
"მოწმის სახით დაიკითხა 2007 წლის მდგომარეობით კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების რაზმის ხელმძღვანელი პირი, რომელმაც აღწერა დარბევის ის სისასტიკე და ძალადობა, რასაც ადგილი ჰქონდა რუსთაველის გამზირზე.
შემდეგი ეპიზოდი იყო უკვე "TV იმედში" შეჭრის ეპიზოდი. მან ისაუბრა ჟურნალისტებზე - რა მდგომარეობაშიც იყვნენ და გულწრფელად, რაც აღმოხდა სიტყვები, იყო ის, რომ კონცლაგერს ხომ არ ჰქონდა ადგილი, ისეთ მდგომარეობაში დახვდნენ ჟურნალისტები.
შემდეგ იყო ამ ჟურნალისტების ტელეკომპანიიდან გაყვანა. გარეთაც უკვე დარბევას ჰქონდა ადგილი. ასევე მან დაადასტურა ის ფაქტი, როდესაც იმ დროინდელი შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წევრები მოდიან და უწმაწური სიტყვებით მოიხსენიებენ ბადრი პატარკაციშვილს, ასევე არის შეძახილები იმჟამინდელი პრეზიდენტის მიმართ და დაადასტურა, რომ ესენი იყვნენ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები, ასევე სხვა დანაყოფები და ეს პირველი შეძახილი წამოვიდა დათა ახალაიას ინიციატივით", - განაცხადა ლაშა კოტრიკაძემ.