"ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მერვე შეხვედრა იმართება ერევანში და პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს ამ შეხვედრაში", - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მე-8 სამიტზე დაგეგმილ, ირაკლი კობახიძის სიტყვის გამოსვლის შესახებ განაცხადა.
როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, დაკავშირებადობის კუთხით, საქართველოს განსაკუთრებული როლი ენიჭება.
"გაიმართება მრგვალი მაგიდის ფორმატში დისკუსია, რომელიც შეეხება დაკავშირებადობას და ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებს. ეს მნიშვნელოვანია, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის, ასევე ზოგადად ევროპის რეგიონისთვის.
საქართველოს აქვს განსაკუთრებული როლი, როდესაც დაკავშირებადობაზე ვსაუბრობთ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ამ ფორმატში პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა, გამართულ დისკუსიებში", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
სომხეთში ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მე-8 სამიტის გახსნის პლენარულ სესიას დაესწრება, ასევე სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს ნარკოტიკების წინააღმდეგ ევროპული კოალიციის (ECAD) მეორე შეხვედრაში. მთავრობის მეთაური ასევე დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანისა და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის სახელით, ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მე-8 სამიტში მონაწილე ლიდერთა პატივსაცემად გაიმართება.