03 აგვისტო 2026,   21:40
ვრცლად
გვირილობა, იგივე ქუთაისქალაქობა - სიკეთის, ქველმოქმედების და ერთობის სახალხო დღესასწაული, რომელიც ყველა თაობას აერთიანებს

გვირილობა იგივე ქუთაისქალაქობა - სიკეთის, ქველმოქმედების და ერთობის სახალხო დღესასწაული, რომელიც ყველა თაობას აერთიანებს. გვირილობა, როგორც საქველმოქმედო ღონისძიება მე-20 საუკუნის 20-იან წლებში დამკვიდრდა და ყოველწლიურად 2 მაისს აღინიშნება.

სადღესასწაულო ღონისძიებები ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში დილიდან დაიწყო. დღის განმავლობაში მოეწყო არაერთი სპორტული თუ კულტურული აქტივობა. ადგილობრივმა მეწარმეებმა საკუთარი ნამუშევრები გამოფინეს. ღონისძიებები სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ცენტრალურ ბულვარში შემეცნებით-ინოვაციური სივრცე - UniverCity გაიხსნა. პროექტი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის და ქუთაისის მერიის თანამშრომლობით შეიქმნა. მისი მიზანი ქუთაისის, როგორც წამყვანი საუნივერსიტეტო ქალაქის პოპულარიზაციაა.

სადღესასწაულო ღონისძიებები ტრადიციულად ბაგრატის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო. ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ ქალაქი დალოცა. ტაძარში იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც.

გვირილობის დღესასწაულის სიმბოლოდ გიმნაზისტი გოგონები ითვლებიან, რომლებიც გასული საუკუნის 20-იან წლებში პაციენტების დასახმარებლად გვირილებს ყიდდნენ. ყოველ წელს 2 მაისს გიმნაზისტების ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდები ტრადიციულად გვირილებს არიგებენ.

თეთრი გვირილობის დღესასწაულზე, საპატიო ქუთაისელის ტიტული 6-ს ადამიანს გადაეცა. დაჯილდოებულთა შორის არიან სპორტის, კულტურის, სამედიცინო და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები.

დაჯილდოების ცერემონიალს თბილისის სიმფონიური ორკესტრის კონცერტის თანხლებით, ლადო მესხიშვილის სახელმწიფო დრამატული თეატრი მასპინძლობდა. საღამო კი ცენტრალურ მოედანზე გალა-კონცერტით დასრულდა.

დღის ამბები