04 აგვისტო 2026,   17:11
ვრცლად
აღმოჩენა, რომელმაც კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თავი დაწერა - საქართველო, როგორც პურის ხორბლის წარმოშობის დამოუკიდებელი და დადასტურებული უძველესი კერა

ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი ცოდნა ახლა უკვე საერთაშორისო სამეცნიერო კვლევებით დასტურდება.

აღმოჩენა, რომელმაც კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თავი დაწერა - საქართველო, რომელიც მსოფლიომ დიდი ხანია ღვინის სამშობლოდ აღიარა, ახლა პურის ხორბლის წარმოშობის დამოუკიდებელი და დოკუმენტურად დადასტურებული უძველესი კერაა.

ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდა სტატია, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალის ახლად ჩატარებული მულტიდისციპლინური კვლევის შესახებ მოგვითხრობს. ნაშრომზე ქართველმა, კანადელმა და ისრაელელმა მეცნიერებმა იმუშავეს.

სტატია აკადემიკოს დავით ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით ჩატარებულ საერთაშორისო მულტიდისციპლინურ კვლევას ეყრდნობა, რომელიც საქართველოში, გადაჭრილ და შულავერის გორებზე აღმოჩენილ 8 000 წლის წინანდელ არქეოლოგიურ მასალასა და ქართველი პალეოეთნობოტანიკოსის მრავალწლიან სამეცნიერო კვლევებს ეფუძნება.

ისრაელის ვაიზმანის ინსტიტუტში რადიოკარბონული მეთოდით ჩატარებული დათარიღების საფუძველზე დადასტურდა, რომ საქართველოს ნეოლითურ ნამოსახლარებში გამოვლენილი მასალა პურის ხორბლის არსებობის მსოფლიოში უძველეს, დღემდე ცნობილ ფიზიკურ მტკიცებულებას წარმოადგენს.

ახალი აღმოჩენა ადასტურებს, რომ საქართველოს ტერიტორია უძველესი დროიდან წარმოადგენდა მიწათმოქმედების განვითარების ცენტრს და დღემდე ერთადერთი ადგილია მსოფლიოში, სადაც 8 000 წლის წინანდელი პურისა და ღვინის კვალი დოკუმენტურად დადასტურდა.

კვლევის ფინანსური მხარდაჭერა განხორციელდა ღვინის ეროვნული სააგენტოს პროექტის - "ღვინისა და ვაზის კვლევა და პოპულარიზაცია" ფარგლებში, საქართველოს კულტურის სამინისტროს, ტორონტოს უნივერსიტეტის, ვაიზმანის ინსტიტუტისა და "საზოგადოება ივერიისას" მიერ.

 

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი

დღის ამბები