03 აგვისტო 2026,   23:14
ვრცლად
რეკომენდაციების შემდეგ, კონკრეტულ სამოქმედო გეგმას აღმასრულებელი ხელისუფლება დადებს, რომელსაც დასჭირდება საკანონმდებლო ინიციატივები. სწორედ ეს დეტალები, ისევ პარლამენტში დაბრუნდება - შოთა ბერეკაშვილი

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა დროებითმა საპარლამენტო კომისიამ სამთვიანი მუშაობის შემდეგ დასკვნა მოამზადა. დოკუმენტი, რომელიც 100-ზე მეტ გვერდს მოიცავს, ბაზარზე სპეციალიზებული ინსტიტუციური მექანიზმის შექმნის რეკომენდაციას იძლევა. თუმცა, კომისიის მუშაობის შედეგებს პარლამენტში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.

ფრაქცია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე, შალვა კერესელიძე, მიიჩნევს, რომ პრობლემა არა რეგულაციებში, არამედ სისტემურ ხარვეზებშია და დასკვნას ხელს არ აწერს.

"თუ გვინდა, რომ საქართველოში ფასებმა დაიწყოს კლება, ამისათვის საჭიროა ჯანსაღი კონკურენცია. ჯანსაღი კონკურენცია ვერ შეიქმნება, თუ არ მოისპო ნეპოტიზმი, ლობირება და კორუფცია. ჩვენ ამ დასკვნას ხელს არ მოვაწერთ და თქვენ რადგან გჯერათ, რომ ამ დასკვნის რეალიზების შემდეგ საქართველოში ფასები დაიწყებს კლებას, წარმატებას გისურვებთ, მე მხოლოდ გამიხარდება, თუ ეს ასე მოხდება," - განაცხადა კერესელიძემ.

"ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ დროის სიმცირის გამო, დეპუტატებმა მოცულობითი ნაშრომის სრულფასოვანი გაცნობა ვერ მოასწრეს:

"რაც შეეხება "ხალხის ძალის" და ჩემ პოზიციას - მართალი გითხრათ, ჩვენ დღეს მხარდაჭერა გაგვიჭირდება კონკრეტული მიზეზის გამო - დოკუმენტი, რომელიც საკმაოდ მოცულობითია და დიდი, პროფესიონალური შრომაა ჩადებული, გუშინ 9 საათზე მოგვეწოდა და ფიზიკურად ვერ მოვასწრებდით ამის სრულფასოვნად გაცნობას, რომ სრულფასოვანი გადაწყვეტილება მიგვეღო. რაც შევამჩნიეთ - ეს ჰგავს უფრო სამეცნიერო ნამუშევარს რაც, ალბათ, საფუძვლად კარგი გამოსაყენებელია, რომ სწორი რეკომენდაციები შემუშავდეს. ვერ ვიტყვი, რომ ეს 100 გვერდიანი დოკუმენტი გამოუსადეგარია, თუმცა რეკომენდაციები ნაკლებ წონადად არის წარმოდგენილი," - აღნიშნა ხუნდაძემ.

განსხვავებული პოზიცია აქვს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, ილია ინჯიას. იგი მიიჩნევს, რომ მაკონტროლებელი ორგანოს შექმნა სწორედ ის პირველი ნაბიჯია, რომელიც ბაზარს სჭირდება.

"ყველა ერთ რამეზე ვთანხმდებით - ამ სფეროებს სჭირდება რეგულაცია. ამ დასკვნაში სწორედ ეს რეკომენდაცია დევს და, ვფიქრობ, ეს სწორედ ის პირველი ნაბიჯია, რომლითაც დღეს შეგვიძლია რეალურად დავიწყოთ მუშაობა, რომ შეიქმნას მაკონტროლებელი ორგანო. მე, ამ გადმოსახედიდან, ამ ეტაპზე, ამ დასკვნას მხარს ვუჭერ,“ - განაცხადა ინჯიამ.

სამთვიანი მუშაობის შედეგები კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა შეაჯამა. მისი თქმით, დასკვნა საფუძველი გახდება აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის, რათა მომზადდეს კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივები.

"თქვენ ყოველ მოსაზრებას აღნიშნული დასკვნა ითვალისწინებს - სტრატეგიულ მიმართულებებს, - ეს ყველაფერი უნდა გაიწეროს კონკრეტული ნაბიჯების ნაწილში. პრემიერმაც თქვა, რომ რეკომენდაციების შემდეგ კონკრეტულ სამოქმედო გეგმას აღმასრულებელი ხელისუფლება დადებს, რომელსაც დასჭირდება საკანონმდებლო ინიციატივები. სწორედ ეს დეტალები ისევ პარლამენტში დაბრუნდება, - როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ იქნება რეგულატორი, რა ფუნქციები უნდა ჰქონდეს მას, ესეც ჩვენი განსახილველი იქნება და იქ მოხდება კონკრეტიზაცია ამ პროცესის," - განმარტა ბერეკაშვილმა.

კომისიის დასკვნა დეტალურად აღწერს პროდუქციისა და საწვავის ფასწარმოქმნის ჯაჭვს, რაც სამომავლოდ ბაზრის მეტ გამჭვირვალობასა და კონკურენტული გარემოს გაჯანსაღებას ისახავს მიზნად.

დღის ამბები