18 ივნისი 2026,   10:16
ვრცლად
აზერბაიჯანის საგარეო უწყებამ ევროკავშირის ელჩს საპროტესტო ნოტა გადასცა

აზერბაიჯანში ევროკავშირის ელჩი, მარიანა კუიუნჯიჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

როგორც საგარეო უწყების პრესსამსახურმა განაცხადა, შეხვედრაზე მკაცრად დაგმეს ევროპარლამენტის მიერ 30 აპრილს მიღებულ რეზოლუციაში არსებული „დაუსაბუთებელი და მიკერძოებული“ დებულებები აზერბაიჯანის წინააღმდეგ. ამასთან დაკავშირებით, ელჩს ოფიციალური საპროტესტო ნოტა გადაეცა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს რომ შეხვედრის დროს ხაზი გაესვა, რომ რეზოლუცია ამახინჯებს რეალობას და ეწინააღმდეგება ობიექტურობის პრინციპებსა და სახელმწიფოთა სუვერენიტეტის პატივისცემის ვალდებულებას.

აღინიშნა, რომ ევროპარლამენტის მსგავსი მიდგომა უარყოფითად აისახება რეგიონში ნორმალიზაციის პროცესზე და აზერბაიჯან-ევროკავშირის ურთიერთობების პერსპექტივებზე.

რეზოლუციაში მოყვანილი მოთხოვნები სომეხი მაცხოვრებლების ყარაბაღში დაბრუნების შესახებ შეფასდა, როგორც უსაფუძვლო და აზერბაიჯანის შიდა საქმეებში ჩარევა. უწყებამ აღნიშნა, რომ სომხურმა მოსახლეობამ რეგიონი ნებაყოფლობით დატოვა.

სამინისტრომ იურიდიულად მიუღებელი უწოდა მოწოდებებს იმ პირების გათავისუფლების შესახებ, რომლებიც „სამხედრო ტყვეებად“ არიან წარმოდგენილნი. ელჩს შეახსენეს, რომ აღნიშნულ პირებს მსჯავრი მძიმე დანაშაულებისთვის, მათ შორის ტერორიზმსა და ომის დანაშაულებისთვის აქვთ დადგენილი.

ბრალდებები კულტურული და რელიგიური მემკვიდრეობის განადგურების შესახებ უსაფუძვლოდ გამოცხადდა. ამავდროულად, აღინიშნა, რომ ოკუპაციის დროს აზერბაიჯანული მემკვიდრეობის მასშტაბურ განადგურებას ევროპული ინსტიტუტების მხრიდან სათანადო ყურადღება არ მიქცევია.

შეხვედრის დასასრულს, ევროკავშირის წარმომადგენელს მოუწოდეს, თავი შეიკავონ ისეთი ნაბიჯებისგან, რომლებიც ზიანს აყენებს ორმხრივ ურთიერთობებსა და რეგიონში მშვიდობის დამყარების პროცესს.

დღის ამბები