19 ივნისი 2026,   01:16
ვრცლად
ჰორმუზის სრუტის პარალიზებამ ბარელ ნავთობზე ფასის რეკორდული ზრდა გამოიწვია - ნავთობის მიწოდების შეფერხება გლობალურ ბაზრებზე გავლენას ახდენს

ჭაბურღილების დახურვა, საერთაშორისო ვალდებულებების გადახედვა, სტრატეგიული რეზერვების ამოწურვა და საავიაციო თუ საზღვაო მიმოსვლის პარალიზება - ეს ის ჯაჭვური რეაქციაა, რომელსაც სახელმწიფოები მსოფლიოს ცენტრალური ენერგეტიკული არტერიის გადაკეტვის შემდეგ უკვე აწყდებიან. ახლო აღმოსავლეთში ომმა პირველი დარტყმა ლოჯისტიკაზე მიიტანა, რასაც წარმოების პარალიზება და მსყიდველობითი უნარის კოლაფსი მოჰყვა. ოთხი წლის განმავლობაში პირველად, დღეს ნავთობის ფასმა ბარელზე 126 დოლარს გადააჭარბა.

ენერგორესურსების დეფიციტს და ნავთობპროდუქტების ფასის მატებას ომანის და სპარსეთის ყურეების უპრეცედენტო ბლოკადა იწვევს. ვიდრე თეირანი და ვაშინგტონი ერთმანეთს კონფლიქტის დასრულების პირობებს უყენებენ, ჰორმუზის სრუტეში ასობით ტანკერია გაჩერებული - მილიონობით ტონა ნავთობი დანიშნულების ადგილამდე ვერ აღწევს. მედია წერს, რომ ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც დონალდ ტრამპმა ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივა უარყო და ირანის ეკონომიკური იზოლაციის გაგრძელების პირობა დადო.

საწვავზე ტარიფების ზრდა საავიაციო ნავთობის ღირებულებაზეც აისახა, რასაც ევროპაში ავიაბილეთების მკვეთრი გაძვირება მოჰყვა. ავიახაზების საერთაშორისო ასოციაციის მონაცემებით, ზაფხულის ტურისტული სეზონის მოახლოებისას მგზავრთნაკადი არ მცირდება, თუმცა სექტორი ახალი საფრთხის - საწვავის შესაძლო დეფიციტის წინაშე დგას. ექსპერტების პროგნოზით, თუ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე დაპირისპირება დროულად არ დასრულდება, საწვავის მარაგების ამოწურვა რეგულატორებს ფრენებზე ლიმიტების დაწესებას აიძულებს.

გამოწვევას უმსხვილესმა ავიაკომპანიებმა სხვადასხვაგვარად უპასუხეს: Lufthansa-მ საწვავის ეკონომიის მიზნით 20,000 ფრენა გააუქმა, რითაც 40 000 ტონა საწვავის დაზოგვას გეგმავს. Air France-მა შორ მანძილზე ფრენის ბილეთებზე 100-ევროიანი დანამატი დააწესა, სკანდინავიის ავიახაზებმა კი ბოლო დღეებში 1,000-მდე რეისი შეაჩერა. ხოლო Ryanair-მა დახურა ბერლინის ბაზა, შეამცირა ფრენების სიხშირე და გაზრდილი ტარიფების გამო 200-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლა.

ენერგორესურსების დეფიციტი უკვე პირდაპირ აისახება ევროპის ეკონომიკურ მაჩვენებლებზეც. "ბლუმბერგი" წერს, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომმა ევროპაში ე.წ. სტაგფლაციის რისკი შექმნა - ეს არის პროცესი, როდესაც ფასები იზრდება, ეკონომიკური ზრდა კი ჩერდება.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები