84 ხმა 10 ის წინააღმდეგ - ცვლილებები საქართველოს მთავრობის სტრუქტურის შესახებ კანონში დამტკიცებულია. კანონმდებლებმა დღეს სახელმწიფო მინისტრის უმაღლესი თანამდებობის შემოღებას მხარი დაუჭირეს. მამუკა მდინარაძე ხვალიდან სამართალდამცავი უწყებების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი და ვიცე-პრემიერი იქნება. რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევებზე საპასუხოდ, მმართველი გუნდის წევრების აზრით, მდინარაძის ხელმძღვანელობით სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინირებული საქმიანობა ქვეყნის უსაფრთხოების არქიტექტურას გააძლიერებს. კანონმდებლებმა დღეს მომავალი ვიცე-პრემიერის მდიდარ პოლიტიკურ და მენეჯერულ წარსულზეც ისაუბრეს. თქვეს, რომ აქტიურ პოლიტიკაში მისი დაბრუნება გუნდის პოზიციებს გააძლიერებს.
ცვლილებების აუცილებლობაზე სამი დღის განმავლობაში კანონმდებლებს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ესაუბრებოდა. საკომიტეტო და სასესიო მოსმენების დროს, ვახტანგ ბაჩიაშვილმა სახელმწიფო მინისტრის პორტფელის სპეციფიკაზეც ისაუბრა. განმარტა, რომ მთავრობამ ამ კუთხით, აპრობირებული კონსერვატიული მოდელი აირჩია. შესაბამისად, პრემიერს და ვიცე-პრემიერს მომსახურებას მთელი მთავრობის ადმინისტრაცია გაუწევს, რაც მეტი მანევრირების შესაძლებლობას იძლევა.
სტრუქტურულ ცვლილებებს განსხვავებულად აფასებენ საპარლამენტო ოპოზიციაში. "ხალხის ძალაში" ამბობენ, რომ უმრავლესობასთან კონსულტაციებმა მათ სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღების აუცილებლობა დაანახა. ქვეყანას რომ უსაფრთხოების გამოწვევები უდგას, ამას არც გახარიას გუნდში უარყოფენ, თუმცა ამბობენ, რომ სამართალდამცავი უწყებების კოორდინაციისთვის დამატებითი პოსტის შემოღება საჭირო არ იყო.
ოპონენტების ნაწილს "ნაციონალური მოძრაობის" მოკავშირედ აღიქვამს მმართველი გუნდი. პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ოპოზიციისთვის სახელმწიფოებრივი აზროვნება უცხოა. მამუკა მდინარაძე კი ახალი თანამდებობიდან სწორედ ეროვნული ინტერესების გაძლიერებას მოემსახურება, იმ ფონზე, როდესაც ის სუს-ის უფროსის თანამდებობაზე ყოფნის დროსაც ძალოვან უწყებებს ფაქტობრივად კოორდინაციას უწევდა. ახალი პოსტი კი მდინარაძის საქმიანობს უფრო ეფექტურს გახდის.
დღესვე, პრემიერმა და მომავალმა ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს გეკა გელაძე წარუდგინეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა სუს-ში მამუკა მდინარაძის ხელმძღვანელობით გატარებულ რეფორმებს. ლიდერების თქმით, კორუფციასთან, ტერორისტულ საფრთხეებთან და ყველა გამოწვევასთან ბრძოლა გელაძის ხელმძღვანელობით ასევე წარმატებული იქნება.
სამთავრობო გადაადგილებების შესახებ ცნობილი 21 აპრილს გახდა. ცვლილებების შედეგად შს მინისტრი სულხან თამაზაშვილი, სუს-ის უფროსი კი გეკა გელაძე გახდა. სახელმწიფო მინისტრისა და ვიცე-პრემიერის თანამდებობას ხვალიდან მამუკა მდინარაძე დაიკავებს.