100-მდე მისამართზე სპეცრაზმის გამოჩენა ნარკოდანაშაულს უკავშირდებოდა. განსაკუთრებული მობილიზება რეალიზატორების სახლებთან იყო. დაკავებულია 84 პირი და მათი უმეტესობა ნარკოტიკებს სისტემატურად ყიდდა.
აღკვეთილია განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკის საქართველოში შემოტანისა და გავრცელების ფაქტებიც.
"კურიერმა" ერთ-ერთი საქმის დეტალები გაარკვია. უკრაინის მოქალაქე საქართველოში 2 500 აბზე მეტი "ბუპრენორფინის" გავრცელებას აპირებდა. 31 წლის მამაკაცს 1 კილოგრამამდე ნარკოტიკი ქამარზე წებოვანი ლენტით ჰქონდა შემოხვეული. საეჭვო მგზავრი მებაჟე ოფიცრებმა დეტალურად შეამოწმეს. უკრაინელი სამართალდამცველებმა თბილისის აეროპორტშივე დააკავეს.
"კურიერის" ინფორმაციით, დაკავებულია უკრაინის კიდევ ერთი მოქალაქე - 29 წლის მარინა ჯიკოლი. ახალგაზრდა ქალი, სავარაუდოდ, ნარკოტიკს სამალავებში ტოვებდა, მის საქმეში ნივთმტკიცებად 151 შეკვრა "მეთადონი" დევს.
"მეთადონი," "ჰეროინი," "კოკაინი," "ბუპრენორფინი," "მარიხუანა" და სხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებები საპოლიციო ღონისძიებების შედეგადაა ამოღებული. ნივთმტკიცების სახით საქმეში დევს თანხაც, რომელიც დაკავებულებს, სავარაუდოდ, რეალიზაციის შედეგად ჰქონდათ აღებული. დეტალები შინაგან საქმეთა სამინისტროში საგანგებო ბრიფინგზე განმარტეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებებიც გაასაჯაროვა. უწყებამ მოსამართლის განჩინებით გადაღებული საკონტროლო შესყიდვის კადრები გაავრცელა.
ნარკოტიკს ყიდიან საკუთარი სახლებიდან, ავტომობილებიდან, მოქმედებენ "დადების" და ხელიდან ხელში გადაცემის მეთოდით. ჩანაწერებში ჩანს თანხის აღების ფაქტებიც.
დაკავებულების უმეტესობა ნარკოდანაშაულს აღიარებს, ნაწილი კი ბრალს არ ეთანხმება.
ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულების რაოდენობა უახლოეს დღეებში სავარაუდოდ კიდევ გაიზრდება. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თქმით, ნარკოდამნაშავეების გამოსავლენად და დასაკავებლად პოლიცია 24 საათის განმავლობაში კომპლექსურ ღონისძიებებს ატარებს.
დღის ბოლოს ნარკოდანაშაულის საქმეზე განცხადება გენერალურ პროკურატურაშიც გაკეთდა. 84 დაკავებულს ბრალდება ოფიციალურად წარუდგინეს. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობით იხელმძღვანელა და ყველა მათგანი პატიმრობაში დატოვა.
ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ მიმდინარე სპეცოპერაციის დროს პოლიციამ სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალაც ამოიღო.