რამდენიმე წუთში საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა იწყება. სწორედ დღეს დაასახელებენ უმაღლესი სასულიერო პირები იმ სამ კანდიდატს, რომელთაგანაც ეკლესია ახალ პატრიარქს აირჩევს.
ასევე რამდენიმე საათში უნდა გახდეს ცნობილი თარიღი, როდის გაიმართება სამების საკათედრო ტაძარში გაფართოებული კრება. წესდების თანახმად, არჩევნები 16 მაისამდე უნდა დასრულდეს. გადაწყვეტილებას სინოდის წევრი მღვდელმთავრები მიიღებენ.
პატრიარქის ტახტს დაიკავებს ის, ვინც კენჭისყრისას ხმათა უმრავლესობას, სულ მცირე, 20 ხმას მოაგროვებს.
მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით დამატებითი განმარტება გააკეთა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
"დღეს იქნება სინოდზე სამი საპატრიარქო კანდიდატის გამორჩევა, შემდგომი სინოდი, გაფართოებული სხდომა იქნება პატრიარქის გამოსავლენად. ჯერ არ ვიცით თარიღი როდის გაიმართება გაფართოებული სხდომა, თუმცა 17 მაისამდე უნდა მოხდეს ეს.
არ არის აუცილებელი დღეს მოხდეს თარიღზე მსჯელობა, მერეც შეიძლება გამოცხადება. კრიტერიუმებში ვკითხულობთ, რომ უნდა იყოს ქართველი, ბერი, სინოდის წევრი, უნდა ჰქონდეს განათლება და ასაკზე არის მითითება, რომ 40 წელი უნდა ჰქონდეს შესრულებული და არაუმეტეს 70 წლისა უნდა იყოს, ანუ 70 პლუს რაღაც დღეები და თვეები [მისაღებია].
ჩემთვის, როგორც მათემატიკოსისთვის ეს არის სრულიად ცხადი, ვნახოთ, სინოდი რა გადაწყვეტილებას მიიღებს. მართვა გამგეობის დებულების შეცვლის უფლება არ აქვს ამ სინოდს, და უნდა იხელმძღვანელოს მკაცრად მართვა/გამგეობის დებულებით.
კონკრეტული მაგალითები, როგორც ვნახეთ, არ მოგვისმენია და ძალიან კარგია, რომ არანაირი ჩარევა არ ჩანს. განათლების თემას რაც შეეხება - როგორ წარმოგიდგენიათ, როდესაც ადამიანს დიპლომი არ აქვს და სამსახურში ვაკანსიაზე შეაქვს განცხადება... რას იტყვის? დიპლომი არ მაქვს, მაგრამ განათლებული ადამიანი ვარო? ეს არცერთ სამსახურში არ გაჭრის. საზოგადოებას ასე ესმის. შესაბამისად, არ მგონია, რომ ამაზე სამსჯელო იყოს", - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.