06 აგვისტო 2026,   23:28
ვრცლად
ქართული ნაგაზი - ჯიში, რომელიც დროს უძლებს

იდეალური მცველი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მეცხვარის საუკეთესო მეწყვილე იყო. ქართული ნაგაზი - ძაღლი, რომლის მოშენება-გამრავლებაშიც საქართველოში არაერთი ძაღლსაშენია ჩართული. 4 წლის წინ ამ საქმეს დავითიც შეეჭიდა და საკმაოდ წარმატებულად.

დავითის პირველი დამხმარე მისი შვილია. ბარბარე სკოლიდან როგორც კი დაბრუნდება, პირდაპირ ძაღლებთან შერბის. ჯერ აჭმევს, მერე ვარცხნის. ბოლო, გემრიელ ლუკმად კი თამაშს იტოვებს. ბაღიდან დაბრუნებული დემეტრეც პირდაპირ ძაღლებისკენ მიდის. სწორედ შვილის დამსახურებაა, რომ დავითი დღეს ამ საქმეს მისდევს.

ძაღლები დღის უმეტეს ნაწილს გარეთ ატარებენ. გალიაში მაშინ შეჰყავთ, როდესაც ტერიტორიაზე უცხოები არიან.

თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც უცხო ხალხთანაც კომფორტულად გრძნობენ თავს.

ამდენი ძაღლის მოვლა საკმაოდ დიდ დროს და რესურსსაც მოითხოვს. ყოველთვის უფრო მეტი ყურადღება სჭირდებათ პატარებს და მათ დედას, რომელიც ასეთ დროს წონაში საგრძნობლად იკლებს. საერთოდ, ამ ჯიშს განსაკუთრებული მოვლა და გარემო სჭირდება.

დავითის მიერ გაკეთებული ძაღლსაშენი დიდი არ არის, თუმცა, როგორც ყველა მომშენებელს, თავისი გეგმებიც აქვს. მთავარი გეგმა ხარისხიანი ძაღლებია.

ასე რომ, ეს საქმე უბრალოდ გატაცება არ არის. ეს არის პასუხისმგებლობაც, ტრადიციის გაგრძელებაც და ადამიანსა და მის მცველს შორის კავშირის შენარჩუნებაც.

დღის ამბები