სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის განვლილ გზას და მის განსაკუთრებულ ღვაწლს ქვეყნისა და ერის წინაშე იხსენებენ პოლიტიკოსები. მათი განცხადებით, ილია მეორე იყო ხალხისთვის სიმშვიდის, სიბრძნისა და რწმენის მტკიცე საყრდენი, სულიერი მამა, რომელიც ურთულეს დროსაც კი იმედს უნერგავდა და აერთიანებდა ადამიანებს.
მისი ცხოვრება და მოღვაწეობა იყო, არის და მომავალშიც დარჩება საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინაშე თავდადებისა და უანგარო მსახურების სიმბოლოდ. ნახევარი საუკუნის განმავლობაში, ილია მეორეს სახელი მტკიცედ უკავშირდებოდა რწმენის, ტრადიციების და ეროვნულ იდენტობის დაცვას.
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილი აცხადებს, რომ პატრიარქზე წარსულში საუბარი ძალიან რთული და მძიმეა.
"ძალიან მძიმეა თითოეული ჩვენგანისთვის პატრიარქზე წარსულში საუბარი, ის ნახევარი საუკუნე მიუძღოდა ჩვენს ხალხს, ამ მძიმე ათეისტურ გარემოში თვალი აუხილა ჩვენს საზოგადოებას და დააყენა სწორ გზაზე. ის ყოველთვის გვახსენებდა ჩვენს მისიას, რაში მდგომარეობდა საქართველოს სულიერი მისია. დარწმუნებული ვარ ის ზეციური საქართველოდან ილოცებს თავისი ხალხისთვის,"- აცხადებს გიორგი სოსიაშვილი.
დღეს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა.