06 აგვისტო 2026,   19:15
ვრცლად
ლოგიკური იყო რომ დაიშლებოდნენ, შეუთავსებელი ადამიანები შეიკრიბნენ და ერთმანეთთან კონკურენციაში არიან - თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციის ალიანსზე

ოპოზიციაში ისევ დაპირისპირებაა. "ნაციონალურ მოძრაობაში" პოზიცია შეცვალეს და თქვეს, რომ ალიანსიდან გასვლას არ აპირებენ, მიხეილ სააკაშვილს კი - თუ მოუნდება კრიტიკას გააგრძელებს და მას ცენზურა არ უნდა დაუწესდეს.

პარალელურად, პარტია "ახალს" აინტერესებს ალიანსის დღის წესრიგში რატომ არის ამ ტიპის საუბარი, როდესაც სააკაშვილს შეეძლო, დახურულად გაეზიარებინა, რაც არ მოსწონდა?

9 პარტიის გაერთიანებაში დაპირისპირება პატიმარი ექსპრეზიდენტის განცხადებებს მოჰყვა, რომელშიც ის ოპოზიციას მწვავედ აკრიტიკებს. მის სიტყვებს "ნაციონალური მოძრაობის" გარდა, ყველა სხვა პარტია გაემიჯნა.

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თენგიზ შარმანაშვილის თქმით, შეუთავსებელი ადამიანები შეიკრიბნენ და დაშლაც ლოგიკური იყო.

"რომ შეიკრიბნენ პირველივე დღეს რა გითხარით? რომ ძალიან მალე დაიშლებოდნენ, ეს ლოგიკური იყო. შეუთავსებელი ადამიანები შეიკრიბნენ და ერთმანეთთან კონკურენციაში არიან. პირველობისთვის იბრძვიან, ვინ მიიღებს მეტ ფულს უცხოეთიდან ვის დაერქმევა პირველი ოპოზიციონერი და მთელი ეს ფული ვისთან მივა.

როდესაც ეს ძალები უცხოეთში გეგმავენ რევოლუციურ პროცესს, რა თქმა უნდა, ამისთვის გარკვეული თანხებია განსაზღვრული და ეს თანხა არ არის ერთი და ორი მილიონი, ეს ათეულობით მილიონ ევროს აღემატება. ეს ხალხი, რომლებიც წლების მანძილზე დასპეცებულები არიან როგორ მოიპოვონ გრანტები, როგორ გამოსტყუონ იქიდან რაღაც, სწორედ ამისთვის იბრძვიან რომ მოაჩვენონ თავი მათ რომ სწორედ მათ უნდა მიიღონ ეს ფული,"- აცხადებს შარმანაშვილი.

დღის ამბები