"დაისაჯა ყოფილი პრეზიდენტი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მინისტრების გარკვეული რაოდენობა", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, "ნეიტრალური საქართველოს" მოწოდების საპასუხოდ განაცხადა, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" გასამართლების დაჩქარებას მოითხოვენ.
როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, საზოგადოების დიდი ნაწილი ემხრობა "ნეიტრალური საქართველოს" მოთხოვნებს, თუმცა მმართველი გუნდი სამართლებრივ გზას ირჩევს.
"ფაქტის შეფასება სამართლიანი უნდა იყოს - რეალურად დაიღვარა სისხლი, უამრავი ადამიანი, ოჯახი გაუბედურდა, ჩვენი ტერიტორიების ძალიან დიდი ნაწილი დავკარგეთ, მათ შორის, საგანგებოდ მნიშვნელოვანი, სტრატეგიული მნიშვნელობის ტერიტორიები.
ვერ ვიტყვით, რომ 2012 წლის შემდეგ არ დაისაჯნენ, თუნდაც სადისტები, ან ამ სადისტების ორგანიზატორები. დაისაჯა ყოფილი პრეზიდენტი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მინისტრების გარკვეული რაოდენობა. ის ადამიანები, ვინც ორგანიზებულად და მასობრივად არღვევდა ადამიანის უფლებებს და სახელმწიფოს წინააღმდეგ გაილაშქრეს, თავის ქმედებით. დღეს ამ ბერკეტების გარეშე, გარე ძალის დახმარებებით იმავეს აკეთებენ, უფრო დახვეწილი და უფრო სერიოზული მეთოდებით.
აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება, რომელსაც მთავრობა იღებს საზოგადოების დასაცავად, არის ობიექტური, სწორი და დაფუძნებული კონკრეტულ ფაქტებზე. საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი აღნიშნულს მოითხოვს, მაგრამ ჩვენ სამართლებრივ გზას თუ არ მივყევით და თუ ეს გავაკეთეთ რაღაც აჟიოტაჟისა და ანგარიშსწორების რაღაც ფორმით, არ იქნება სწორი", - აცხადებს გიორგი ვოლსკი.
ცნობისთვის, "ნეიტრალური საქართველო" ხელისუფლებას მოუწოდებს "ნაციონალური მოძრაობის" გასამართლება და აკრძალვა სისრულეში დროულად მოიყვანონ. პარტიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ მიმდინარეობს ორი სამართლებრივი პროცესი, რომლის შედეგადაც რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს "ნაციონალური მოძრაობის" გასამართლება და პოლიტიკაში მათი მონაწილეობის აკრძალვა. საფუძველი კი არის საგამოძიებო კომისიის დასკვნის შესაბამისად მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელი, ასევე "ნეიტრალური საქართველოს" მიერ პროკურატურაში შეტანილი განცხადების საფუძველზე დაწყებული გამოძიება.