მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ხელმძღვანელი პირები საპატრიარქოს ეწვივნენ. სტუმრები საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ მიიღო. შეხვედრას ესწრებოდნენ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი ქადაგიშვილი, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი შატაკიშვილი, ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი ზაზა ლომინაძე, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტი იაონ ვულპესკუ, გენერალური მდივანი მაქსიმოს ხარაკოპულოსი, მრჩეველი კოსტას მიგდალისი, გენერალური მდივნის თანაშემწე სოტირის დიმოპულოსი და დელეგაციის სხვა წევრები.
სტუმრებმა მწუხარება გამოთქვეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების გამო და სამძიმარი კიდევ ერთხელ გამოხატეს.
დელეგაციის წევრებმა საქართველოს ეკლესიის მეთაურის ღვაწლსა და უდიდეს საერთაშორისო ავტორიტეტზე ისაუბრეს. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის გენერალურმა მდივანმა მაქსიმოს ხარაკოპულოსმა 18 წლის წინ ჩვენს ქვეყანაში სტუმრობა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრის დღე გაიხსენა. მხარეებმა ქრისტიანულ ფასეულობებზე, ასამბლეის მუშაობის სპეციფიკასა და საქართველოში სამუშაო ვიზიტზე ისაუბრეს. აღსანიშნავია, რომ წელს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავი აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებში ასამბლეის მონაწილეობის საკითხიც განიხილეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებმა ერთმანეთს საჩუქრები უსახსოვრეს. მიტროპოლიტმა შიომ სტუმრებს ჯვრები და ხატები გადასცა საჩუქრად.
"დღევანდელმა შეხვედრამ ძალიან თბილ გარემოში ჩაიარა. ზოგადად, უნიკალური ორგანიზაციაა ეს, იმიტომ რომ ევროპაში ქრისტიანული ღირებულებების განვითარებაზე ზრუნავენ და ზოგადად, მშვიდობისთვის ზრუნავენ ეს მართლმადიდებლები. აღინიშნა მათ მიერ განსაკუთრებულად პატრიარქის ღვაწლი. ისინი ადრეც შეხვედრიან უწმინდესს და უნეტარესს და ძალიან კარგად ახსოვთ ეს მოგონებები. ასევე, დაიგეგმა შემდგომი ღონისძიებები. თქვენ იცით, შემოდგომას 1700 წლისთავთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიებები ჩატარდება ჩვენთან," - განაცხადა დეკანოზმა, დავით ტატანაშვილმა.
კომენტარი გააკეთა ასამბლეის გენერალური მდივანმა მაქსიმოს ხარაკოპულოსმა.
"ჩვენ ოფიციალური ვიზიტით ვესტუმრეთ საქართველოს საპატრიარქოს, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს პროგრამის ფარგლებში, რათა გამოვხატოთ ჩვენი გულწრფელი სამძიმარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.
მართლმადიდებლობა წარმოადგენს ქართველი ხალხის იდენტობის ფუნდამენტურ ელემენტს. მორწმუნე ხალხის სიყვარული გარდაცვლილი პატრიარქის მიმართ განსაკუთრებულად გამოიხატა მისი დაკრძალვის ცერემონიაზე ასიათასობით მორწმუნის დასწრებით", - აღნიშნა ასამბლეის გენერალური მდივანმა მაქსიმოს ხარაკოპულოსმა.