10 აგვისტო 2026,   18:55
ვრცლად
ეს არამხოლოდ ეკონომიკურად სასარგებლო, არამედ პოლიტიკურადაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. ყოველთვის იქნებიან კრიტიკოსები, მაგრამ მზად ვართ გამოწვევებისთვის, რომელიც ბევრ სიკეთეს მოუტანს ქვეყანას - ზურაბ რურუა Trump Tower Tbilisi​-ის პროექტზე

თბილისში Trump Tower-ის მასშტაბური პროექტის შესახებ ინფორმაციას მმართველ გუნდში აფასებენ. 

ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრის ზურაბ რურუას თქმით, ტრამპის ოჯახის სახით საქართველოში უმსხვილესი ინვესტორი შემოდის და გარდა იმისა, რომ ეკონომიკურად მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც არაერთ სამუშაო ადგილს შექმნის, ეს პოლიტიკურად მნიშვნელოვანი ნაბიჯიც არის. 

"ჩვენ ვნახეთ რამხელა ინვესტიცია ხორციელდება და ტრამპის ოჯახის სახით რამხელა მოთამაშე შემოდის ჩვენთან ამხელა ინვესტიციის განსახორციელებლად. კრიტიკოსები, რა თქმა უნდა, არ დაილევიან, განსაკუთრებით რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, იგივე ვნახეთ ჩვენ როდესაც EMAAR ჯგუფი შემოვიდა და უფრო მსხვილი პროექტი, რომელიც უნდა განხორციელდეს და ჩვენს ქვეყანას ძალიან დიდ სიკეთეს მოუტანს, იგივე რეალობის წინაშე დავდექით ახლაც.

ამხელა ჯგუფმა უნდა განახორციელოს ინვესტიცია, ეს არამხოლოდ ეკონომიკურად იქნება სასარგებლო ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ პოლიტიკურადაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება, როგორც ჩვენი, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. ისარგებლებს ჩვენი მოსახლეობა, შეიქმნება სამუშაო ადგილები, დასაქმდება ძალიან ბევრი ადამიანი - ეკონომიკურად ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ყოველთვის იქნებიან კრიტიკოსები ხელისუფლების წინააღმდეგ, მაგრამ ჩვენ მზად ვართ ასეთი გამოწვევებისთვის, რომელიც ბევრ სიკეთეს მოუტანს ჩვენს ქვეყანას".

შეგახსენებთ, თბილისში Trump Tower-ი აშენდება. 70 სართულიანი ცათმბჯენისა და მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობას დონალდ ტრამპის ოჯახის კომპანია იწყებს. ეს იქნება ტრამპის ბრენდის პირველი პროექტი რეგიონში, რომელიც ამერიკული უძრავი ქონების ბიზნეს გიგანტ "საპირთან", "არქისთან", "ბიოგრაფი ლივინგთან" და "ფინვესტ ჯორჯიასთან" პარტნიორობით განხორციელდება.

მასშტაბური პროექტი მაღალი კლასის რეზიდენციებს, პრემიუმ კლასის სავაჭრო ობიექტებს, მსოფლიო დონის რესტორნებსა და დასასვენებელ სივრცეებს გააერთიანებს. ტრამპის ორგანიზაციის ოფიციალური განცხადების თანახმად Trump Tower Tbilisi​-ს მსოფლიოს უდიდესი არქიტექტურული კომპანია Gensler-ი დააპროექტებს. 

დღის ამბები