ახლო აღმოსავლეთი მოლაპარაკებების მოლოდინშია. პაკისტანში ირანისა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლების დასახვედრად ემზადებიან. ისლამაბადში გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომებიც. მანამდე ვაშინგტონისა და თეირანის ოფიციალური პირები აქტიურად განიხილავენ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვისა და მოლაპარაკების მეორე რაუნდის გამართვის საკითხს.
დონალდ ტრამპი TRUTH SOCIAL-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს, რომ მისი წარმომადგენლები პაკისტანში ხვალ საღამოს ჩავლენ და ირანს შეთანხმების დადებისკენ მოუწოდებს, სხვა შემთხვევაში შტატები ირანში ყველა ელექტროსადგურსა და ხიდს გაანადგურებს.
"გუშინ, ირანმა ჰორმუზის სრუტეში ცეცხლი გახსნა - ეს ჩვენი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრული დარღვევა! ტყვიების უმეტესობა ფრანგული გემისა და ბრიტანული სატვირთო გემის წინააღმდეგ იყო მიმართული. ეს არც ისე კარგი საქციელი იყო, არა? ჩემი წარმომადგენლები ისლამაბადში, პაკისტანში მიემგზავრებიან - ისინი ხვალ საღამოს იქ იქნებიან მოლაპარაკებებისთვის. ირანმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა სრუტის დახურვის შესახებ, რაც უცნაურია, რადგან ჩვენი ბლოკადით ის უკვე ჩაკეტილი იყო. ჩაკეტილი სრუტით თვითონ ზარალდებიან, დღეში 500 მილიონ დოლარს კარგავენ გასასვლელის დახურვით! შეერთებულ შტატებს არაფერი აქვს დასაკარგი. სინამდვილეში, ახლა უამრავი გემი შეერთებულ შტატებში - ტეხასში, ლუიზიანასა და ალასკაში მიემართება - ეს "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" დამსახურებაა, რომელთაც მუდმივად "მაგარი ბიჭის" როლში ყოფნა სურთ! ჩვენ ვთავაზობთ ძალიან სამართლიან და გონივრულ გარიგებას და იმედი მაქვს, რომ ისინი დათანხმდებიან მას, რადგან თუ ამას არ გააკეთებენ, შეერთებული შტატები ირანში ყველა ელექტროსადგურს და ყველა ხიდს გაანადგურებს. დავასრულეთ "კეთილი კაცის" როლის თამაში. ისინი სწრაფად და მარტივად დამარცხდებიან და თუ ისინი შეთანხმებაზე არ წამოვლენ, ჩემთვის პატივი იქნება გავაკეთო ის, რაც სხვა პრეზიდენტებს უნდა გაეკეთებინათ ბოლო 47 წლის განმავლობაში. დროა, ირანის მკვლელი მანქანა დასრულდეს", - წერს ტრამპი.
მანამდე, ირანის პარლამენტის სპიკერმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებში მიღწეულია პროგრესი, თუმცა მრავალი ხარვეზია და გარკვეული ფუნდამენტური საკითხები მოუგვარებელია.