29 ნოემბერი 2026,   15:16
ვრცლად
ეკლესიის წინააღმდეგ კამპანია გრძელდება - ამჯერად საპატრიარქოს და ქვეყნის გარდაცვლილ პატრიარქს პეტრე ცაავა აკრიტიკებს

ეკლესიის წინააღმდეგ კამპანია გრძელდება - ამჯერად საპატრიარქოს და ქვეყნის გარდაცვლილ პატრიარქს პეტრე ცაავა აკრიტიკებს. შეურაცხმყოფელი განცხადებები მსახურებაშეჩერებულმა ეპისკოპოსმა ერთ-ერთ პოდკასტში გააკეთა.

პეტრე ცაავა აცხადებს, რომ წარსულში კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მისამართით გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებს არ ნანობს.

"მხილება ჩვენი ვალდებულებაა, მოვალეობაა, როცა ვხედავთ უკეთურებასა და ცრუ ქრისტიანობას ეკლესიაში. ვუთხარი პატრიარქს, რომ სისტემური დანაშაული არ მინდა, რომ იყოს ეკლესიაში. მიდის მწყემსი კეთილობის მითის დამსხვრევა. ამის უამრავი ფაქტია. 9 აპრილის ფაქტიც გვაფიქრებინებს, რომ მწყემსი კეთილი იქ თავს გაწირავდა, გადაეფარებოდა ამ ჯალათებს და არ გაიპარებოდა იქიდან. მართლა ნომერ პირველი "იგროკი" იყო საქართველოში. ერთი წლის ვადა ჰქონდა პატრიარქს, როგორც ბრალდებულს, რომ თავი გაემართლებინა. მერე გამოვიდნენ ცრუ მოძღვრები და ცილისმწამებლად გამომაცხადეს", - თქვა მან.

კითხვაზე - დროში უკან რომ დაბრუნდეთ, სხვანაირად მოიქცეოდით, ნანობთ თქვენს საქციელს? - ცაავამ ასე უპასუხა:

"არა, რა თქმა უნდა".

ონლაინ გადაცემას იწონებენ და აზიარებენ ოპოზიციური პარტიის წევრები და მათი მხარდამჭერები.

პეტრე ცაავას განცხადებას ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილი ეკლესიის წინააღმდეგ დაწყებულ ანტისახელმწიფოებრივ კამპანიაზე საუბრობს.

"სამწუხაროა, რომ ჩვენ ვხედავთ ზუსტად იმავე ხალხს, არაფერი ახალი არ არის, პეტრე ცაავა ნანუკა ჟორჟოლიანთან იყო ხომ, ერთიც და მეორეც იყვნენ "ნაციონალური მოძრაობის" ტელევიზიის ჟურნალისტი თუ რესპონდენტი. ტელევიზიაში რაც მაშინ ხდებოდა, ახლა გადაიტანეს სოცმედიის არხებზე. არაფერი შეცვლილა, ვერაფერს სწავლობს "ნაცმოძრაობა", რა ბოროტი ძალაც იყო ხელისუფლებაში და ოპოზიციაში, ისევ ისეთ ბოროტ ძალად რჩება, რომელიც ებრძვის ყველაფერს ქართულს, ყველანაირ ღირებულებას, რომელსაც ჩვენი, ქართული ღირებულება ჰქვია. ევროპული ღირებულებების დროშით, რომელსაც თვითონაც ვერ ხსნიან, რას გულისხმობენ ამ ევროპულ ღირებულებებში, ცდილობენ, ჩაანაცვლონ ქართული ღირებულებები. არადა, საქმე პირიქით არის, სწორედ ქართული ღირებულებაა ჭეშმარიტად ევროპული ღირებულება. ვინც ქართულ ღირებულებებს სცდება, ის სცდება ევროპულ ღირებულებებსაც. ეს კიდევ ერთი ლუსტრაციაა, რომ ნირს არ შეიცვლის "ნაცმოძრაობის" არცერთი წევრი თუ აპოლოგეტი", – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები