ნიუ-იორკში, გაერო-ს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის (CEPA-ს) 25-ე სესია დასრულდა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, სამი დღის განმავლობაში, იუსტიციის სამინისტროს დელეგაციამ სხვადასხვა გაეროს დელეგატებს ინფორმაცია გააცნო საქართველოს მიერ საჯარო სერვისების სფეროში განხორციელებულ რეფორმებსა და სახელმწიფო ინსტიტუტების მოდერნიზაციის პროცესზე.
ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა ორმხრივი შეხვედრები გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეებთან ადამიანის უფლებების, ეკონომიკურ და სოციალურ, ასევე პოლიტიკის საკითხებში. შეხვედრებზე საქართველოსა და გაერო-ს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე, მიმდინარე რეფორმებზე, ციფრული მმართველობის განვითარებაზე და იმ ინოვაციურ პროექტებზე ისაუბრეს, რომლებიც საქართველოში საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობასა და ხარისხს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს.
ვიზიტის ფარგლებში, ასევე გაიმართა სპეციალური ღონისძიება, სადაც დელეგაციის წევრებმა გაერო-ში აკრედიტებულ ელჩებს და CEPA-ს წევრებს თბილისში დაგეგმილ საჯარო სერვისების ფორუმთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს და ფორუმზე ოფიციალურად მიიწვიეს.
საერთაშორისო ფორუმი თბილისში იუსტიციის სამინისტროსა და გაერო-ს ერთობლივი ორგანიზებით გაიმართება.
"ვიზიტის ფარგლებში, გავმართეთ ძალიან საინტერესო, ორმხრივი შეხვედრები გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეებთან, პოლიტიკის, სოციალურ-ეკონომიკური და ადამიანის უფლებების საკითხებში. ამ შეხვედრებზე ხაზი გაესვა საქართველოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს საჯარო ადმინისტრირების, სახელმწიფო ინსტიტუტების რეფორმირების მიმართულებით. ხაზი გაესვა იმას, რომ ჩვენს მიერ განხორციელებული რეფორმები აღიარებულია საერთაშორისო ასპარეზზე, საერთაშორისო პარტნიორების მიერ და, ასევე, წარმოადგენს კარგ მაგალითს იმისა, თუ როგორ უნდა განხორციელდეს რეფორმები. საუბარი იყო იმაზეც, რომ საქართველოს შეუძლია, თავისი გამოცდილება გაუზიაროს პარტნიორ ქვეყნებს," - განაცხადა პაატა სალიამ.