თბილისში მყოფი "ვაიმარის სამკუთხედის" ქვეყნების დელეგაციის წევრები მმართველი გუნდის წევრებს შეხვდნენ. საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და საქართველო ევროკავშირის ურთიერთობებს.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილის განცხადებით, "ვაიმარის სამკუთხედის" ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროების დელეგაციასთან შეხვედრა საინტერესო იყო.
ამასთან, ლევან მახაშვილის განმარტებით, შეხვედრაზე ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, რატომ არ არის შეცვლილი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე საქართველოს შესახებ არსებული ინფორმაცია.
"განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რომელიც ქართულ მხარესაც აღელვებს და ევროკავშირის მხარესაც, კონკრეტულად ამ სახელმწიფოებს, პოლონეთს, გერმანიას, საფრანგეთს. მათ წარმოადგინეს თავიანთი ხედვა, თუ რაში ხედავენ პრობლემებს, რა გამოსავალი შეიძლება არსებობდეს და რა თქმა უნდა, ჩვენც გავაცანით ის, თუ ჩვენ სად ვხედავთ პრობლემებს, როგორ წარმოგვიდგენია ამ პრობლემების მოგვარება. რა თქმა უნდა, არის საერთო განწყობა, რომ აუცილებელია კონსტრუქციული დიალოგი, რაოდენ რთული საკითხებიც არ უნდა იყოს, იმისთვის, რომ ეს საკითხები, რაც ორივე მხარისთვის არის მნიშვნელოვანი, ამ თემებზე გვქონდეს საერთო გამოსავალი. ერთ-ერთ საკითხად, ესეც ვახსენე, რომ ჩვენთვის გაუგებარია, დაახლოებით ორი წლის განმავლობაში როგორ ვერ შეძლო გერმანიის მხარემ ამ ხარვეზის გამოსწორება. ითქვა ტექნიკური ხარვეზი, თუმცა კიდევ ერთხელ ისიც დავაფიქსირე, რომ გერმანიისთვის ორი წელი ასეთი მარტივი პრობლემის გასწორება არ უნდა იყოს ტექნიკური პრობლემა არანაირ ვარიანტში. თუმცა, კიდევ ერთხელ, ამ ტექნიკური ხარვეზის გარდა, ჩვენ სხვა პასუხი არ მოგვისმენია და იმედია, რომ უახლოეს მომავალში, თუ ეს მართლაც ტექნიკური ხარვეზია, ეს ხარვეზი გამოსწორდება," - აცხადებს ლევან მახაშვილი.