07 აგვისტო 2026,   19:42
ვრცლად
შშმ პირების სტიგმატიზაცია და აუტიზმის გამოყენება შეურაცხმყოფელ კონტექსტში - ნიკა გვარამიას დისკრიმინაციულ განცხადებას აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობლების მწვავე რეაქცია მოჰყვა

ნიკა გვარამია, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების, მშობლების მწვავე მიმართვის ადრესატი მას შემდეგ გახდა, რაც სოციალურ ქსელში გავრცელებულ სტატუსში სიტყვა აუტისტი დამამცირებელ კონტექსტში გამოიყენა. მშობლები ამბობენ, რომ ეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მხრიდან პირველი დისკრიმინაციული შინაარსის განცხადება არ არის - ამიტომ, ბოდიშს ითხოვენ.

ნიკა გვარამიამ, სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში ოპონენტების მისამართით ჯერ ტერმინი "პოლიტიკური აუტისტები" გამოიყენა. საზოგადოების მწვავე რეაქციის შემდეგ კი, თავის მართლება მეორე სტატუსით სცადა.

შეურაცხყოფის, სტიგმატიზაციისა და სიძულვილის ენის გამოყენების გამო, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, გვარამიამ პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადოს. რატი იონათამიშვილმა, ნიკა გვარამია პოლიტიკურ ფარისევლობაში ჯერ სოციალური ქსელით დაადანაშაულა, შემდეგ კი მედიასთან თქვა, რომ მისი განცხადებები ამორალურია.

ნიკა გვარამიას განცხადებას მშობლების მწვავე რეაქციები მოჰყვა სოციალურ ქსელშიც.

ოპოზიციონერ პოლიტიკოსს დღეს დაუნის სინდრომისა და აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობლებმა ისიც შეახსენეს, რომ აუტიზმი ადამიანის მდგომარეობაა, რომლის დამაკნინებელ კონტექსტში გამოყენება კატეგორიულად მიუღებელია.

გვარამიას, დისკრიმინაციული შინაარსის სხვა განცხადებებს ინახავს არქივიც. მათ შორის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებზე, რომელიც ასევე სტიგმატიზაციის მცდელობად შეფასდა.

შშმ- პირთა მდგომარეობის ამსახველი ტერმინების მადისკრედიტირებელი მიმართულებით გამოყენება დაუშვებელია სახელისუფლებო გუნდისთვის. მმართველმა ძალამ, ნიკა გვარამიას მისი წარსული ქმედებები და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდიც შეახსენა, როდესაც, ინკლუზიური განათლების ბიუჯეტი და ადაპტირებული ტრანსპორტის რაოდენობა ქვეყანაში ნულის ტოლი იყო.

მწვავე კრიტიკის შემდეგ, უკვე დღეს კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერმა, არა გავრცელებული სტატუსი, არამედ მხოლოდ ის აბზაცი წაშალა, სადაც ოპონენტების მისამართით ტერმინი - "პოლიტიკური აუტისტები" გამოიყენა.

დღის ამბები