06 აგვისტო 2026,   17:20
ვრცლად
მუდმივი დემოკრატია, რეკორდული ქულა კეთილდღეობის ინდექსში და რეგიონული ლიდერი - "ატლანტიკური საბჭოს" ინდექსით 164 ქვეყნიდან საქართველო საუკეთესო ხუთეულშია

ატლანტიკური საბჭოს 2026 წლის ატლასის მიხედვით, საქართველოს კეთილდღეობისა და თავისუფლების ინდექსი მკვეთრად გაუმჯობესდა. ქვეყანა კეთილდღეობის ინდექსის 12 წლიანი გაუმჯობესებით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ორგანიზაციამ საქართველოს 100 პროცენტიანი სისტემიდან 75.5 პროცენტი მიანიჭა, რაც ისტორიული მაქსიმუმია. რეიტინგების მუდმივ პროგრესს მთავრობის სწორ პოლიტიკას უკავშირებენ ეკონომიკის სამინისტროში. უწყებაში განმარტავენ, რომ პოზიტიური ინდექსები საინვესტიციო გარემოს უფრო მიმზიდველს ხდის.

ატლანტიკურმა საბჭომ საქართველო კეთილდღეობასთან ერთად დემოკრატიზაციის ინდექსითაც დააწინაურა. გამართული ინსტიტუციები და პოლიტიკური თავისუფლება ის კომპონენტებია, რომლის მიხედვითაც საქართველო ძლიერი თავისუფლების მქონე ქვეყნის გრადაციით შეფასდა, რომელშიც თავისუფლების ინდექსი 75.1 პროცენტია. გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის თანახმად, საქართველოს საზოგადოება მსოფლიოს მოსახლეობის იმ 9%-ში მოხვდა, რომელმაც 2012 წლის შემდეგ დემოკრატიზაციის კუთხით წინსვლა განიცადა.

ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემების ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის არ სჯერათ ოპოზიციაში. ამტკიცებენ, რომ ინდექსები მხოლოდ სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა.

ოპონენტების მხრიდან ორმაგი სტანდარტი არ უკვირთ მმართველ გუნდში. სახელისუფლებო პარტიაში განმარტავენ, რომ დემოკრატიზაციის, კეთილდღეობისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით საქართველოს პროგრესი ევროკავშირის კანდიდატი, რეგიონისა და არაერთი წევრის რეიტინგებს, თითქმის ყველა იდენტურ კვლევაში უსწრებს. მშვიდობა და ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკა, კანონმდებლების აზრით, საქართველოს ინსტიტუციური განვითარების აუცილებელი წინაპირობაა. დადებითი დინამიკა კი პირდაპირ აისახება მოსახლეობის ფინანსურ კეთილდღეობაზე.

ატლანტიკური საბჭო თავისუფლებისა და კეთილდღეობის ინდექსს ყოველწლიურად აქვეყნებს. ორგანიზაციის ატლასი ძირითადად, მსოფლიო ბანკის გლობალური მმართველობის ინდიკატორებს, გაეროს და ჰერითიჯ ფაუნდეიშენის საერთაშორისო კვლევებს და მეცნიერულ ექსპერტიზას ეფუძნება.

დღის ამბები