ორი დღეა კახეთი სტიქიას ებრძვის. უხვი ნალექის შედეგად ადიდებული მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა. წყლის მასა სანიაღვრე სისტემამ ვერ გაატარა, რის შედეგადაც დაზიანდა ინფრასტრუქტურა.
რეგიონში ერთი კვირაა გადაუღებლად წვიმს. განსაკუთრებით რთული ვითარებაა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში. სოფელ ჭიაურში ათობით ოჯახი დაზარალდა. ძლიერმა წვიმამ დატბორა ეზოები, სამეურნეო სავარგულები და საკარმიდამო მიწის ნაკვეთები.
უხვმა ნალექმა დააზარალა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვემო ნაშოვარიც. ძლიერმა წვიმამ დატბორა სარდაფები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. ადგილობრივებს გაუნადგურდათ საყოფაცხოვრებო ტექნიკა.
სტიქიას ებრძვის გურჯაანიც. ძლიერმა წვიმამ ადგილობრივებს გადაადგილების პრობლემაც შეუქმნა. სოფელ ველისციხეში ადიდებულმა ხევმა საავტომობილო ხიდი წაიღო. დღეს სტიქიის ზონაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ჩავიდნენ.
რთული მეტეოროლოგიური პირობებია ყვარელშიც. უხვი ნალექის შედეგად მდინარე დურუჯი კალაპოტიდან გადმოვიდა და სამეურნეო სავარგულები დატბორა. განადგურებულია ვენახები და მრავალწლიანი კულტურები.
სტიქიის ზონაში სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. მთელი ღამის განმავლობაში სამივე მუნიციპალიტეტში სამაშველო ჯგუფები მუშაობდნენ. ადგილზე რჩება მძიმე ტექნიკა, იწმინდება სანიაღვრე სისტემები. სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია დაითვლის.