06 აგვისტო 2026,   23:25
ვრცლად
შუა დერეფანი და საქართველოს სტრატეგიული როლი რეგიონში

საქართველო, როგორც მშვიდობის, სტაბილურობისა და თანამშრომლობის გარანტი. მსოფლიო გლობალური გამოწვევების წინაშეა. ჰორმუზის სრუტე იკეტება, ლიდერები ალტერნატიულ მარშრუტებს ეძებენ. სტრატეგიული ადგილმდებარეობითა და სატრანზიტო როლით ქვეყანა კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს გლობალურ ენერგეტიკულ რუკაზე. ამ ფონზე საქართველოში სახელმწიფო ვიზიტით ილჰამ ალიევი ჩამოდის. ჩამოდის და მსოფლიოს თბილისიდან ეუბნება, რომ აზერბაიჯანიდან ენერგორესურსების ექსპორტი, 16 მიმართულებით, სწორედ საქართველოს გავლით ხორციელდება. ილჰამ ალიევი აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი შუა დერეფნის პროექტში საქართველოს განსაკუთრებულ როლს უსვამს ხაზს. პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე - მაღალი დონის შეხვედრებზე აქცენტი შუა დერეფნის ფუნქციასა და კასპიის ზღვის აუზის ენერგორესურსების ექსპორტზე გაკეთდა.

ილჰამ ალიევმა და "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა საქართველო-აზერბაიჯანის პარტნიორობისა და მეგობრობის მაღალ სტანდარტზე, ასევე ორ ქვეყანას შორის არსებულ ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრეს.

თბილისში გამართულ შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის მზარდ სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და არსებული პოტენციალის სრულად ათვისების, ენერგეტიკის სექტორში მჭიდრო პარტნიორობის და რეგიონული მნიშვნელობის სატრანსპორტო-ენერგეტიკულ პროექტებზე, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ. ისაუბრეს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერებაზეც, რომელიც რეგიონული დაკავშირებადობის უზრუნველყოფაში საკვანძო როლს ასრულებს.

ბაქოსა და თბილისს შორის მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს სამხრეთ კავკასიაში. საქართველოსთვის პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო დიალოგის ხელშეწყობა და მედიაცია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა რეგიონში გრძელვადიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევის მნიშვნელობას და სტაბილურობას სამხრეთ კავკასიაში.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეფასებით, ბაქოსა და ერევანს შორის ეკონომიკური კავშირების აღდგენა მჭიდროდ არის დაკავშირებული საქართველოს, როგორც რეგიონული პარტნიორისა და შუამავლის აქტიურ ჩართულობასთან.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტის პარალელურად, თბილისს ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სტუმრობდა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრებზე განიხილეს ყაზახეთიდან ინვესტიციების ზრდის შესაძლებლობები საქართველოს ეკონომიკის სტრატეგიულ დარგებში, ყურადღება დაეთმო შუა დერეფნის პოტენციალს და ორი ქვეყნის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას სატრანზიტო დერეფნის შემდგომი განვითარებისათვის.

შუა დერეფნის განვითარება საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, კიდევ უფრო მნიშვნელოვან როლს იძენს ანაკლიის პორტის მშენებლობა და ტვირთნაკადების ზრდაც. გადაწყდა, რომ პორტის სამშენებლო პროცესი შემცირებული ხარჯებით აქტიურად განახლდება. მთავრობამ სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებული სახელმწიფო ხარჯების ოპტიმიზაცია განახორციელა, რის შედეგადაც 52 მილიონი დოლარი დაიზოგა.

იმისთვის, რომ ქვეყანა რეგიონში მთავარ სატრანსპორტო ჰაბად იქცეს, დღის წესრიგში კიდევ ერთი საკითხი აქტიურდება. გეგმა დამტკიცებულია, საქართველოს სარკინიგზო ინფრასტრუქტურა სრულად განახლდება - განვითარების სამწლიანი გეგმის მიხედვით, საქართველოს რკინიგზა 50 ახალ ლოკომოტივს და 1500 ახალ ვაგონს შეიძენს, რაც რკინიგზის გამტარუნარიანობას ორჯერ გაზრდის. ყველა მაგისტრალურ რეისზე მგზავრებს ახალი მატარებლები მოემსახურება.

ქვეყნის განვითარებისთვის გადადგმული ნაბიჯები და შედეგები, რომელიც ციფრებში აისახება - პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას მთავრობის სხდომაზე ახალი მონაცემები გააცნო. თებერვალში ეკონომიკურმა ზრდამ 8.8% შეადგინა. პირველად, საქართველოს ეკონომიკამ 100 მლრდ ლარს გადააჭარბა.

საქართველო ეკონომიკური ზრდის სწრაფი ტემპის შენარჩუნებას განაგრძობს, მთავრობის ახალმა გადაწყვეტილებებმა კი ქვეყანას კიდევ უფრო მეტი სარგებელი უნდა მოუტანოს.

დღის ამბები