აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ღამისთევის მსახურება საქართველოში მოქმედ ყველა მართლმადიდებელ ტაძარში ჩატარდა. მწუხრის ლოცვის შემდეგ ტაძრების გარშემო ლიტანიობა, ლოცვითი მსვლელობა გაიმართა, რომლის დროსაც სასულიერო პირებმა, ტაძრის მსახურებმა და მრევლმა ხატებით, ჯვრებითა და ანთებული სანთლებით აღდგომის საგალობლები იგალობეს. ლიტანიობის შემდეგ ტაძრებში სადღესასწაულო მსახურება გამთენიამდე გაგრძელდა.
ეკლესიებში განაწილდა იერუსალიმიდან საქართველოში ჩამობრძანებული ცეცხლი, რომელიც მომლოცველთა ჯგუფმა თბილისში სპეციალური ჩარტერული რეისით ჩამოიტანა. ლიტურგიის დასრულების შემდეგ მორწმუნეებისთვის ყველაზე დიდი მარხვა დასრულდა.
"ქრისტე აღსდგა. ყველას ვულოცავ ამ დიდებულ დღეს, დღესასწაულს. ქრისტეს აღდგომა ეს არის საფუძველთა საფუძველი თითოეული ქრისტიანის, მართლმადიდებელი ადამიანის და ყველა ადამიანის, რა თქმა უნდა, საფუძველი იმ რწმენის და იმ სიმართლის, რომ ადამიანის გარდაცვალება, ეს არ არის გაქრობა, ეს არის ერთი მდგომარეობიდან მეორე მდგომარეობაში გადასვლა ადამიანის. ბუნებრივია, რომ მაცხოვარმა თავისი აღდგომით კაცობრივი ბუნება გამოიხსნა და ადამიანს საშუალება მისცა ცხოვნების და გადარჩენის", - აღნიშნა სიონის საპატრიარქო ტაძრის დეკანოზმა გიორგი სანამაშვილმა.