ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, ირანულ მხარესთან გამართული 21-საათიანი მოლაპარაკებები შეაჯამა. ჯეი დი ვენსის განცხადებით, მიუხედავად ხანგრძლივი და შინაარსიანი დისკუსიებისა, მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ვენსმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონმა მოლაპარაკებების მაგიდასთან მკაფიოდ დააფიქსირა საკუთარი "წითელი ხაზები", თუმცა თეირანმა დათმობაზე წასვლა არ ისურვა.
"ჩვენ მოლაპარაკებებს 21 საათის განმავლობაში ვაწარმოებდით და ირანულ მხარესთან არაერთი შინაარსიანი დისკუსია გვქონდა - ეს კარგი ამბავია. თუმცა, ცუდი ამბავი ის არის, რომ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ.
ვფიქრობ, ეს გაცილებით უფრო ცუდი სიგნალია ირანისთვის, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ასე რომ, ჩვენ სამშობლოში შეთანხმების გარეშე ვბრუნდებით.
ჩვენ ძალიან ნათლად ჩამოვაყალიბეთ, თუ სად გადის ჩვენი "წითელი ხაზები", რის დათმობას ვაპირებთ და რას არ დავთმობთ. ეს ყველაფერი მაქსიმალურად მკაფიოდ განვმარტეთ, თუმცა მათ ჩვენი პირობების მიღება არ ისურვეს. მარტივი ფაქტი ისაა, რომ ჩვენ გვჭირდება მტკიცე გარანტია, რომ ირანი არ შეეცდება ბირთვული იარაღის შექმნას და არ მოიძიებს საშუალებებს, რომლებიც მას ბირთვული არსენალის სწრაფად მოპოვების შესაძლებლობას მისცემს.
სწორედ ეს არის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მთავარი მიზანი და ჩვენი ძალისხმევაც ამისკენ იყო მიმართული. მთავარი კითხვა კი შემდეგია: ვხედავთ თუ არა ირანის მხრიდან ნებას, რომ არ შექმნას ბირთვული იარაღი არა მხოლოდ ახლა ან ორი წლის შემდეგ, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში? ამის დასტურს ჯერ ვერ ვხედავთ.
ჩვენ უბრალოდ ვერ მივედით იმ ნიშნულამდე, როდესაც ირანული მხარე ჩვენი პირობების მისაღებად მზად იქნებოდა. მიმაჩნია, რომ საკმაოდ დამთმობები ვიყავით. პრეზიდენტის დავალება იყო, რომ მოლაპარაკებებზე კეთილსინდისიერად წავსულიყავით და მაქსიმუმი გაგვეკეთებინა შეთანხმების მისაღწევად. ჩვენ ასეც მოვიქეცით, თუმცა, სამწუხაროდ, წინსვლას ვერ მივაღწიეთ", - აცხადებს ჯეი დი ვენსი.
ლუკა ჩლაიძე