07 აგვისტო 2026,   11:50
ვრცლად
გიორგი კანდელაკის ინტერვიუ, რომელიც Fox News-მა გამოაქვეყნა "ქართული ოცნებისთვის" საქართველოს წინააღმდეგ მიმართული კამპანიის მორიგი გამოხატულებაა

"ირანის რეჟიმი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას, საქართველოს, სანქციებისგან თავის დასაღწევად და სამხედრო მანქანის დასაფინანსებლად იყენებს" - ამ სათაურით გამოქვეყნებული სტატია "ქართული ოცნებისთვის" საქართველოს წინააღმდეგ მიმართული კამპანიის მორიგი გამოხატულებაა. ამერიკულმა Fox News-მა მასალა ქართველ ოპოზიციონერზე დაყრდნობით მოამზადა. საუბარია გიორგი კანდელაკზე, რომელმაც გამოცემას უთხრა, რომ თბილისის ნაბიჯები რეგიონში აშშ ინტერესებს აზიანებს. უმრავლესობაში ამბობენ, რომ კანდელაკი გამონაკლისი არ არ არის და ირანთან დაკავშირებით მომზადებულ დეზინფორმაციულ სტატიებს საფუძვლად უდევს, მათ შორის თინა ხიდაშელის საჯარო განცხადებებიც.

სტატიის ავტორი სწორედ კანდელაკის იმ კვლევას ახსენებს, რომელიც მან ჰადსონის ინსტიტუტისთვის მოამზადა და რომელშიც, "ფოქსის" პუბლიკაციის მსგავსად მიუთითებდა, თითქოს "საქართველოში ირანის გავლენის ინფრასტრუქტურა ფართოვდება".

კანდელაკის ავტორობით შექმნილი ანგარიში, სადაც საქართველო ამერიკის ყოფილ მოკავშირედ არის მოხსენიებული, ჰადსონის ინსტიტუტმა გასულ თვეს გამოაქვეყნა, მაშინ, როდესაც ვითარება ახლო აღმოსავლეთში უკიდურესად დაიძაბა. ამავე პერიოდში აქტიურობდა თინა ხიდაშელიც. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამტკიცებდა, რომ საქართველო ირანს, სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება და რომ ქვეყანაში არალეგალურად ფუნქციონირებდა სკოლა ტერორისტებისთვის. ფაქტების გარეშე გაკეთებული ხმაურიანი განცხადებების გამო ხიდაშელი და კანდელაკი გამოკითხვაზეც იმყოფებოდნენ.

დღეს ისინი არც სატელეფონო ზარებს პასუხობენ და არც შეტყობინებებს. მათ პოზიციებს კი იცავს ოპოზიცია - იმის მიუხედავად, რომ არ იციან, რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით ავრცელებენ ქვეყნის რეპუტაციისთვის დამაზიანებელ ინფორმაციას თინა ხიდაშელი და გიორგი კანდელაკი.

"უსუსური არგუმენტი ანტისახელმწიფოებრივი მოქმედების გასამართლებლად" - ასე აფასებს ოპონენტების განცხადებებს მმართველი გუნდი. ამბობენ, რომ გარე ინტერესებით მოქმედი ქართველი სუბიექტები ირანთან დაკავშირებით იმავეს ცდილობენ, რასაც თავის დროზე ანტირუსული ლოზუნგით, სწორედ რუსეთის ინტერესების გასაძლიერებლად აკეთებდნენ. უმრავლესობის თქმით, ამის ერთ-ერთი მკაფიო მაგალითია ყულევის პორტის საკითხიც.

უცხო ქვეყნისთვის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება - სწორედ ამ მუხლით მიმდინარეობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება, რომლის ფარგლებშიც გიორგი კანდელაკი და თინა ხიდაშელი, სხვა პოლიტიკოსებთან ერთად, ერთხელ უკვე გამოიკითხნენ.

დღის ამბები