დეზინფორმაცია ქვეყნის ინტერესების დაზიანების მიზნით, - ასე აფასებს მმართველი გუნდი გიორგი კანდელაკის ინტერვიუს, რომელსაც Fox News Digital ავრცელებს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მათი ოპონენტები გარე ძალების მითითებით საქართველოს დისკრედიტაციის კამპანიას განაგრძობენ, თუმცა მათი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდება.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ სიმართლე ყოველთვის მჟღავნდება და ეს სიცრუეც იგივენაირად გამომჟღავნდა, როგორც წინა ტყუილები მათი მხრიდან.
"ძალიან სამწუხაროა, რომ ეს უსამშობლო აგენტები აგრძელებენ გარე მითითებით საქართველოს დისკრედიტაციის კამპანიას. თუმცა, რა თქმა უნდა, არაფერი არ გამოუვათ. იგივენაირად არაფერი არ გამოუვათ, როგორც წლების წინ გვაბრალებდნენ, რომ თითქოს შავი ხვრელი ვიყავით რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლაში. კარგად გახსოვთ, რომ ჩამობრძანდნენ სანქციების კოორდინატორები ამერიკიდან, ევროპიდან, ბრიტანეთიდან და ყველამ დაადასტურა, რომ ეს უსამშობლოები იტყუებდნენ. ამ შემთხვევაში, იმავეს აგრძელებენ გარე პატრონების დავალებით, იქიდან გამომდინარე, რომ რაღაც ანგარიში არსებობდეს, რასაც შემდეგ ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეები და პირდაპირ მტრები თავიანთი დღის წესრიგისთვის გამოიყენებენ და ამაში იყენებენ სწორედ ხიდაშელს, ამაში იყენებენ კანდელაკს. ჩვენ კარგად გვახსოვს, როდესაც ხიდაშელი საუბრობდა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში ტერორისტების გადამზადება ხდებოდა, შემდეგ იგი დაიბარეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და მაშინვე შეცვალა ჩვენება, იქიდან გამომდინარე, რომ საგამოძიებო უწყებაში უკვე იგრძნო პასუხისმგებლობა და იცოდა, რომ მის ტყუილს კონკრეტული პასუხისმგებლობა მოჰყვებოდა. ხოლო, როდესაც რაღაც ანგარიშებს ადგენენ და ამაში ფულს იღებენ და გარე პატრონების დავალებებს ასრულებენ, ისინი ფიქრობენ, რომ ამას არანაირი პასუხისმგებლობა არ მოჰყვება, იქიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკურად ისედაც იციან რომ ბოლომდე დაზიანებულები არიან და რეიტინგი ნულს ქვემოთ არის და შესაბამისად, ურჩევნიათ, რომ ფული გააკეთონ. თან აღდგომა მოდის, ეტყობა ფული შემოელიათ. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ასეთი უსამშობლოები ჩვენ რაღაცას გვაბრალებენ, გადის დრო და სიმართლე ყოველთვის თავის კალაპოტს პოულობს. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს ტყუილიც იგივენაირად გამომჟღავნდა, როგორც წინა ტყუილები მათი მხრიდან," - ამბობს ლევან მაჭავარიანი.
"ირანის რეჟიმი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად და სამხედრო მანქანის დასაფინანსებლად იყენებს " - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა, რომელშიც კანდელაკის ინტერვიუსთან ერთად, გამოყენებულია მისი ავტორობით შექმნილი ანგარიში, რომელიც ჰადსონის ინსტუტუტმა გასულ თვეს გამოაქვეყნა. "საქართველოში ირანის გავლენის ინფრასტრუქტურა ფართოვდება" ,ამ კვლევის ავტორები არიან "ჰადსონის ინსტიტუტის" უფროსი მეცნიერი, ლუკ კოფი და გიორგი კანდელაკი, რომელიც საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის პროექტების მენეჯერია, მანამდე იყო "ნაციონალური მოძრაობის", შემდეგ კი "ევროპული საქართველოს" წევრი. კანდელაკმა Fox News Digital-ს განუცხადა, რომ ირანმა საქართველოში გავლენის ფართო ინფრასტრუქტურა შექმნა.