საქართველოში ბოლო წლებში არსებული ეკონომიკური ზრდის პოზიტიური დინამიკა, მნიშვნელოვანი წინაპირობაა ახალი ამოცანების შესასრულებლად. კაპიტალის ბაზრის განვითარებამ, ენერგეტიკის სფეროში სიახლეებმა და ზოგადად ეკონომიკური მიმართულებით არსებულმა პრიორიტეტებმა, დღის წესრიგში, "აწარმოე საქართველოს" მანდატის მნიშვნელოვანი გაფართოებისა და ინსტიტუციური გარდაქმნის საკითხი დააყენა.
ბიზნესასოციაციაში ფიქრობენ რომ სახელმწიფო რესურსების კონსოლიდაცია, ახალ კორპორაციას ბიზნესის მხარდაჭერის გაძლიერებასთან ერთად, უფრო ქმედითს გახდის მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხითაც.
ახალი ინსტიტუტის საქმიანობა, კლასიკური გაგებით ბანკის სტრუქტურას არ ჰგავს. შესაბამისად მას არ ექნება ის ფუნქციები, რაც ეროვნული ბანკის ზედამხედველობას საჭიროებს - განმარტება ფინანსთა მინისტრმა გააკეთა. ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ახალი ინსტიტუციური მოდელი, სრულად იქნება კონცენტრირებული შიდა პროექტების განხორციელებაზე.
გადაწყვეტილება ახალი სტრუქტურის შექმნაზე, საქართველოს მთავრობის მიერ უკვე მიღებულია. განსაზღვრულია ფუნქცია-მოვალეობებიც. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, მართვის ახალი მოდელის შედეგად კომპანიებს, იაფ სესხებზე წვდომა გაეზრდებათ.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ეკონომიკის სამინისტროში დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბდება ინვესტიციების სააგენტო. რომელიც აქტიურად იმუშავებს ახალი, უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე.